საზოგადოება

რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

25 თებერვალი, 2024 • 2929
რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.

“ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

რას გულისხმობს ევროკომისიის რეკომენდაცია

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურო იმნაძე ნეტგაზეთთან ამბობს, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ „ვეტინგი“ მოსამართლეთა მთელს კორპუსს არ ეხება და მათი წმენდისთვის არ არის გამიზნული.

„ევროკომისიის რეკომენდაციებში საუბარი არის სამ მიმართულებაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები. მხოლოდ ამ პირებმა უნდა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმების ტესტი და თუკი მას ვერ გადალახავენ, თანამდებობის დატოვება მოუწევთ“, – ამბობს გურო იმნაძე.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღნიშნულ მეთოდს მიმართეს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციით, უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთია.

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

თუმცა, საქართველოს მთავრობაში „ვეტინგს “იმის აღიარებად მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო შეუმდგარია. სწორედ ეს განაცხადა მიმდინარე თვეში ირაკლი კობახიძემ, როცა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ამ მეთოდის არჩევა შესაბამისი ქვეყნების უფლებაა, თუმცა საქართველოს მთავრობისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

„უკრაინას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, მოლდოვასაც შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო. ვიღაც-ვიღაცებისგან განსხვავებით, საქართველო ნამდვილად არის შემდგარი, ინსტიტუციურად გამართული სახელმწიფო“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ,

ე.წ. ვეტინგის სისტემა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა 21 თებერვალს პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას სისტემის რეფორმირებისთვის ე.წ. ვეტინგი შესთავაზეს.

თუმცა, ახლა მმართველი პარტია ცდილობს ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელსაც თავისი არსით ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს, „ნაციონალური მოძრაობის“ „მოგონილად“ წარმოაჩინოს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, „ვეტინგის“ საშუალებით „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ხელში ჩაგდებასა და მასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.

„ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და გამოცდილებაა. როგორც ჩანს, მათ სასამართლოში გავლენების მოპოვება სურთ. ამიტომ უნდათ, რომ გაათავისუფლონ მოსამართლეები და დანიშნონ მათთვის სასურველი პირები, რისთვისაც რაღაც ხერხებს ეძებენ. რატომ უნდათ თავისი მოსამართლეები? – რადგან დანაშაულებისთვის არ აგონ პასუხი“,  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკატერინე ციმაკურიძე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ „ვეტინგს“ მათ მიერ წარმოდგენილი „ყოვლისმომცველი რეფორმაც“ ითვალისწინებს. მისი თქმით, ამას პირდაპირ ითხოვს ვენეციის კომისია და უკვე ევროკომისიაც.

„არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ვენეციის კომისია და ევროკომისია ბრმად ითვალისწინებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებულ რაიმე ინფორმაციას. ანუ რას გვეუბნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგზე აგებს ვენეციის კომისია და ევროკომისია თავის რეკომენდაციებს? წარმოუდგენელია საკითხის ასე დასმა. არავითარი საფუძველი ასეთი შეფასებისთვის არ არსებობს. ამიტომ, არ დავაკნინებდი ასე ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციებს რეკომენდაციებს“, – აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

გურო იმნაძის თქმით კი, ხელისუფლების ნაცადი სტრატეგიაა, რომ ნებისმიერი პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.

„თუკი შეიქმნება ასეთი კომისია, ის რეალურად უნდა დაკომპლექტდეს პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებული პირებისგან, რომლებიც პარტიული პოლიტიკური საკითხების მიმართ ნეიტრალურნი არიან. ამიტომაც ამის დაბრალება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ არ სურს ამ საკითხებზე საგნობრივი, არგუმენტირებული მუშაობა“, – აცხადებს გურო იმნაძე.

სუვერენიტეტში ჩარევა თუ დემოკრატიული რეფორმა

გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას ცდილობს, მას კიდევ ერთი არგუმენტით იწუნებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სუვერენიტეტსაც კი, მათი[ენმ-ის] წინადადება იყო, რომ უცხოურმა საელჩოებმა შექმნან კომისია და ელჩების მიერ გამოყოფილმა ექსპერტებმა გადაახალისონ ჩვენი სასამართლო კორპუსი. ეს არის შედეგი სწორედ იმ ირიბი თუ პირდაპირი უცხოური დაფინანსებისა – ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავში იხარშება ასეთი იდეები, რომ საქართველოში ერთი ხელისუფლების შტო, სასამართლო დააკომპლექტონ უცხო ქვეყნებმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ეს ხელოვნური და  ცრუ არგუმენტია.

გურო  იმნაძის თქმით, ევროკომისია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიაზე  იმიტომ საუბრობს, რომ დამატებითი ნდობის და ობიექტურობის გარანტიები არსებობდეს. 

ამასთან, გურო იმნაძე ხაზს უსვამს, რომ თავად ხელისუფლებას არ სურს ქართული სამოქალაქო სექტორით და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით იყოს მსგავსი მექანიზმი დანერგილი.

„ევროკომისია საუბრობს იმაზე რომ  ჩართული უნდა იყვნენ მაღალი დონის და სანდოობის  უცხოელი ექსპერტები, მაგრამ შეიძლება ისე იყოს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ თანაბარი რაოდენობით წარმოდგენილი.  რაც მთავარია, კომისია მხოლოდ და მხოლოდ ფილტრავს კანდიდატებს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ შეფასება გავლილი კანდიდატების პოზიციაზე დანიშვნაზე ისევ შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს.  თუკი ასეთი მექანიზმი შეიქმნება, ჩვენს კონსტიტუციურ მოწყობაში, ამაზე პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ისევ პარლამენტია“, – აცხადებს გურო იმნაძე.

ეკატერინე ციმაკურიძის თქმით კი, ის საკითხები, რასაც ევროკომისიის რეკომენდაციები მოიცავს, არა სუვერენიტეტთან, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთანაა დაკავშირებული.  მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაშინ დემოკრატია უნდა ააშენოს.

„ყველა ეს საკითხი, სწორედაც რომ კონსტიტუციური საკითხია ჩვენთვის, როგორი უნდა იყოს დემოკრატია მოწყობილი.  ჩვენ ხომ არ ვართ არა დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას.  ამიტომ ამ რეკომენდაციების სუვერენიტეტთან დაკავშირება, რომ თითქოს, თუ მათ შევასრულებთ, ქვეყნის სუვერენიტეტი შეილახება, ჩაერევა უცხო ქვეყანა ჩვენი სახელმწიფოს საკითხებში, ეს არის არასწორი განმარტება. კონსტიტუციით გვევალება ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო მოწყობა.

სხვათა შორის, ჩვენი შეთავაზება არის შერეული მოდელი ქართველების და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. თუმცა არსებობს სრულიად უცხოელი ექსპერტთა საბჭოების მაგალითები. ეს სხვა ქვეყნების გამოცდილებებს ემყარება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ იმას, რომ პირდაპირ ამბობს ევროკომისია, რომ უცხოელი ექსპერტების მნიშვნელოვანი მონაწილეობა უნდა იყოს ასეთ კომისიაში“, – აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

ამასთან, ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, მაშინ, როცა  ევროკომისია გარკვევით საუბრობს კომისიის უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებაზე, რთული წარმოსადგენია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ დათქმას გვერდი აუაროს და რეკომენდაცია ისე შეასრულოს.

თუ „ოცნება“ რეკომენდაციას არ შეასრულებს…

ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკომისია „ვეტინგის“ ჩატარებას კი არ მოითხოვს, არამედ მისი განხილვის რეკომენდაციას გასცემს.

თუმცა ციმაკურიძის თქმით, იმას, რომ ეს ზოგადი რეკომენდაცია არაა, ადასტურებს ევროკომისიის მიერ კონკრეტულ მოდელზე მითითება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის სახით.

„ეს ნიშნავს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და სერიოზული შესასრულებელი“, – ამბობს ეკატერინე ციმაკურიძე.

მისი თქმით, გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს  არ გაიზიარებს, მათ უკან არავინ წაიღებს, რადგან ეს უნივერსალურ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.

„ეს რეკომენდაციები დარჩება და როგორც „ვეტინგის“ შემთხვევაში დავინახეთ, მოთხოვნები შეიძლება კიდეც უფრო გამკაცრდეს, იმიტომ რომ შიდა ინსტიტუტები ქვეყანაში რაღაცებს ვერ ასრულებენ. საბოლოო ჯამში მოუწევთ მათი შესრულება, რადგან ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული“, – აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

გურო იმნაძის თქმით, მაშინ, როცა ევროკომისია ქვეყანას ძალიან მკაფიო მექანიზმს სთავაზობს ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაბიჯის შესასრულებლად, თუ მას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, რთულად წარმოსადგენია, რომ ამ კუთხით პროგრესი ჩაითვალოს.

ჩაითვლება თუ არა საქართველოს მიერ მართლმსაჯულების ნაწილში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია შესრულებულად, თუ მმართველი გუნდი აღნიშნულ დათქმას არ გაითვალისწინებს, ეს კითხვა ნეტგაზეთმა ევროკომისიასაც გაუგზავნა და მათგან პასუხს ელოდება.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი