საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ევრორეკომენდაციის ფარგლებში კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ შეფასებას, მოუწოდებს, „კეკლუცობას თავი დაანებონ“.
ოდიშარია აცხადებს, რომ არცერთ მოსამართლეს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს და, შესაბამისად, ვინც „წინ გამოხტება“, შესაძლოა, „მგელმა შეჭამოს“, რადგან აღმოჩნდეს, რომ თავად „არ არიან კეთილსინდისიერები“:
„იმ ორ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, რომ მათაც დაანებონ კეკლუცობას თავი იმიტომ, რომ არც ერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს იმიტომ, რომ შეიძლება, აღმოჩნდეს, რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები. და ხომ იცით, როგორც ხდება? როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომლებსაც შეიძლება, ქუდი ეწვოდეს“, — აცხადებს ბექა ოდიშარია.
საუბარია უზენაესი სასამართლოს ორ მოქმედ მოსამართლეზე, ნინო ბაქაქურსა და ეკატერინე გასიტაშვილზე, რომლებსაც უზენაესის მიერ გავრცელებული განცხადებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.
ბაქაქურის თქმით, გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მოსამართლემ გვითხრა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი და ეკატერინე გასიტაშვილის მხარდაჭერა არ ჰქონია და მოსამართლეებმა საკუთარი პოზიციები დეტალურად განმარტეს პლენუმის სხდომის ოქმში.
ამ თემაზე წაიკითხეთ: უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.
კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.
„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:
- რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“
- ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა
- უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება