ახალი ამბები

ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ იქნება სიმართლე – დეკანოზი გიორგი მამალაძე

20 თებერვალი, 2024 • 471
ჯანმრთელობის აღდგენის შემდეგ იქნება სიმართლე – დეკანოზი გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, საპყრობილე არანაირი შეთანხმების და გარიგების მიზეზით არ დაუტოვებია.

„საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი იქნება სიმართლე — არა სანახაობა, არამედ სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“, — აცხადებს გიორგი მამალაძე.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დეკანოზის სამადლობელი წერილი მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ დღეს, 20 თებერვალს გაავრცელა. წერილში გიორგი მამალაძე პერსონალურ მადლობას უხდის მხარდამჭერებს, მათ შორის, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს — წლიურ ანგარიშებში მამალაძის საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის, ასევ,ე USAID-სა და ნიდერლანდების სამეფოს.

„მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის მიმართ — გამწარებული მამისა, რომელმაც მიუხედავად ენით გამოუთქმელი ტრაგედიისა მყარად შეინარჩუნა კეთილშობილება და მუდმივად სიკეთისა და ვაჟკაცობის კარნახით მოქმედებს. ამასთანავე, მინდა მადლიერება და პატივისცემა დავუდასტურო ემიგრანტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელინიც ღიად თუ ფარულად მგულშემატკირვრობდნენ ან უბრალოდ სჯეროდათ ჩემი უდანაშაულობის“, — აცხადებს მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 14 თებერვალს გაათავისუფლეს. მას 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომლის სულიერი შვილიც გიორგი მამალაძე იყო, მიიჩნევდა, რომ დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს პროკურატურის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი