ახალი ამბები

“მეუფე დიმიტრის ციხის კარი უნდა შეემტვრია?!” – ბათუმის ეპარქიაში დეკანოზ მამალაძეს პასუხობენ

15 თებერვალი, 2024 • 4817
“მეუფე დიმიტრის ციხის კარი უნდა შეემტვრია?!” –  ბათუმის ეპარქიაში დეკანოზ მამალაძეს პასუხობენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ეხმაურებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებას, რომელიც  მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს მისი მხარდაჭერის გამბედაობა არ აღმოაჩნდა.

როგორც ნეტგაზეთს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ განუცხადა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ყველა იურიდიული ფორმა გამოიყენა იმისთვის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაეთავისუფლებინათ.

დეკანოზ ილია ხინიკაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება გიორგი მამალაძის გულისწყვეტა, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი „ციხის კარს ვერ შეამტვრევდა“.

„თავდაპირველად მეუფე დიმიტრიმ ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძის საშუალებით პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა ორგზის. შემდგომ ორგზის მიმართა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც მოითხოვა, რომ საპატრიარქოდან გაგზავნილიყო წერილი და შემდგომ შეიწყალებდა მას. დაზარალებულის მხრიდან ეს წერილი იქნა გაგზავნილი. შემდგომ პირადი კომუნიკაციის საშუალებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან იყო საუბარი თავად მეუფე დიმიტრის მხრიდან, რომ მამა გიორგი მამალაძე გაეთავისუფლებინათ.

როცა ამბობს, გვერდში არ დამიდგა მეუფე დიმიტრიო, რა უნდა გაეკეთებინა, ციხის კარი შეემტვრია თუ რაიმე დებოში მოეწყო?! რაც იყო იურიდიული ფორმა, ის იქნა გამოყენებული. ამიტომ აქ საუბარი ზედმეტია… თქვენთვის მომინდვია შეფასება, ვის ეკუთვნის მადლობა, მეუფე დიმიტრის თუ დანარჩენ სხვას“, – განუცხადა ნეტგაზეთს დეკანოზმა  ილია ხინიკაძემ.

გუშინ, 14 თებერვალს, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. მას 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ადვოკატების განცხადებით, დეკანოზს ვადამდე ადრე გათავისუფლება შეეხო.

დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებით, მიტროპოლიტ დიმიტრის „არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა“, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დეკანოზთან ერთად „რკინის ქალამნებით“ მდგარიყო. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მადლობა გადაუხადა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ა.შ.


გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომლის სულიერი შვილიც გიორგი მამალაძე იყო, მიიჩნევდა, რომ დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს პროკურატურის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი