ახალი ამბები

მას, ვინც ქართველებს მღრღნელები უწოდა, პატივს არ მივაგებთ – ორბანი ნავალნიზე

26 თებერვალი, 2024 • 1596
მას, ვინც ქართველებს მღრღნელები უწოდა, პატივს არ მივაგებთ – ორბანი ნავალნიზე

უნგრეთის პარლამენტში ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ბენს თორდაი ინიციატივით გამოვიდა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის. დეპუტატის წინადადება უარყო პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. უფრო მეტიც, მან შეაქო მმართველი პარტიის დეპუტატები, რომ ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ღირსეული პოზიცია შეინარჩუნეს.

“შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ და ისინი, ვინც ქართველებს მღრღნელებს უწოდებდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს”, – განაცხადა ორბანმა და დასძინა – “მშვიდად განისვენოს”.

ალექსეი ნავალნიმ 2008 წლის ომის დროს მხარი დაუჭირა საკუთარი ქვეყნის არმიის მოქმედებებს და ქართველები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. წლების შემდეგ მან შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ ომის მიზეზებთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იგივე იყო: ის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა და არ აღიარებდა ოკუპაციას.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“) განცხადებით, ალექსეი ნავალნი 15 თებერვალს, ციხეში დაიღუპა. მისი ცხედარი ოჯახს მომხდარის გახმაურებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცეს. იქამდე, რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და ნავალნის ოჯახისგან მის საიდუმლოდ დასაფლავებას მოითხოვდა.

ნავალნი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მკვლელობა მოწამვლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავდათ საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი