ახალი ამბები

„ნუ იქნებით პილატეზე სასტიკი, გადაეცით ნავალნის ცხედარი ოჯახს“ – 26 რუსი სასულიერო პირის მიმართვა კრემლს

22 თებერვალი, 2024 • 753
„ნუ იქნებით პილატეზე სასტიკი, გადაეცით ნავალნის ცხედარი ოჯახს“ – 26 რუსი სასულიერო პირის მიმართვა კრემლს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა რუსეთის ხელისუფლებისადმი ღია მიმართვა გამოაქვეყნეს. ისინი მოუწოდებენ კრემლს, დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცენ.

მიმართვა გამოქვეყნდა პროექტის „ყველას მშვიდობა“ საიტზე. ეს პროექტი ეხმარება იმ მღვდლებს, რომლებიც ჩამოაშორეს მსახურებას მათი ანტისაომარი პოზიციების გამო.

მიმართვაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსობის გარდა, ნავალნი მორწმუნეც იყო, ხოლო ოჯახს უნდა ჰქონდეს მასთან გამომშვიდობების საშუალება. „ეს არის არა მარტო მათი სურვილი და კანონიერი უფლება, არამედ მოვალეობა უფლისა და გარდაცვლილის წინაშე“, – ციტირებს მიმართვას „მედუზა“.

„არ გაამძაფროთ მისი დაღუპვის ტრაგედია ასეთ მარტივ და ადამიანურ სათხოვარზე უარის თქმით. გახსოვდეთ, უფლის წინაშე ყველა თანასწორია. ალექსეი ნავალნის ცხედრის გადაცემაზე უარის თქმა აღიქმება, როგორც არაადამიანურობის გამოვლინება. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება, საზოგადოებაში უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს. მოგიწოდებთ, არ წახვიდეთ ამ გზით.

გამოავლინეთ კეთილმოწყალება და სიბრალული მისი დედის, ცოლის, შვილებისა და ახლობლების მიმართ. ყველა ადამიანი იმსახურებს ადამიანურად დასაფლავებას. პილატემაც კი არ შეუშალა ხელი ქრისტეს ცხედრის გადაცემას და დასაფლავებას. ნუ იქნებით პილატეზე სასტიკი. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება“, – ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვას ხელი მოაწერა 26-მა სასულიერო პირმა, მათ შორის ორმა დიუსელდორფში ჩაატარა ნავალნის პანაშვიდი.

19 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უარი უთხრა ნავალნის ოჯახს ცხედრის გადაცემაზე. უწყების მტკიცებით, კიდევ ორი კვირა დასჭირდება მისი სიკვდილის მიზეზის დადგენას.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი