ახალი ამბები

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს

24 თებერვალი, 2024 • 1310
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს გადასცეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ, მისი ცხედარი დედამისს გადასცეს. აქამდე, რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და ნავალნის ოჯახისგან მის საიდუმლოდ დასაფლავებას მოითხოვდა.

„ლიუდმილა ნავალნაია სალეხარდშია [ციხესთან მდებარე ქალაქი]. წინ დასაფლავებაა. არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება ისეთი დასაფლავების ჩატარებას, როგორიც ოჯახს სურს და როგორსაც ალექსეი იმსახურებს“, – წერს ნავალნის გუნდის წევრი კირა იარმიში.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.

უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი