პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი დასავლელი პარტნიორისთვის, მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა.
მისი თქმით, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო ათწლეულების განმავლობაში არსებობდა ეგზისტენციალური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში იმკიდა რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს.
ამის შესახებ მან დღეს, 22 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში წარადგინა.
„როდესაც ჩვენ ხმას ვიღებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო.
მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან ან თუნდაც 1989 წლიდან დაიწყებოდა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამას არ დაუბრკოლებია საქართველო, რომ თავისი ღირსეული წვლილი შეეტანა მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებაში. მისი თქმით, წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.
„ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არცერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო.
ჩვენ არ გვიკვირს ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გულმავიწყობა, უმოქმედობა და უცაბედი გამოფხიზლება ამ ორი წლის წინ. ჩვენ გვიკვირს და გვტკივა ჩვენი სისხლის და ხორცის, ჩვენი ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანა სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლების მოპოვების შანსი ჩაეგდოთ ხელში“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხვინო არსენალში.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც არ იცავს არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა, ამგვარი პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკა ერთადერთი გზაა, რათა თავი გადაირჩინოს ძალით არათანაზომადად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ისტორიულ ჭიდილში და მიაღწიოს სანუკვარ მიზნებს – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ევროპულ ოჯახში თავის დამკვიდრებას.
ეს ესმის ყველას ევროპაშიც და ამერიკაშიც, დიდსაც და პატარასაც. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეს ოპოზიციას. ამიტომ, მათ მიერ „რუსეთის საკითხით“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.