ახალი ამბები

„იმედის“ მფლობელი: სანამ არსებობს ენმ, პოლარიზებული ვიქნებით

21 თებერვალი, 2024 • 1525
„იმედის“ მფლობელი: სანამ არსებობს ენმ, პოლარიზებული ვიქნებით

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ პოლარიზაცია იქნება მანამ, „სანამ არსებობს მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია“.

ამის შესახებ რუხაძემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან მედიამენეჯერების შეხვედრის შემდეგ დღეს, 21 თებერვალს განაცხადა.

„სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს — და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე მოვიაზრებ იმ პარტიებსაც, რომლებიც ოდესღაც მათი ნაწილი იყო,- „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „ტაბულას“ უკან ვინც დგას, — იქამდე ვიქნებით პოლარიზებული იმიტომ, რომ ქვეყნის 1/10 ციხეში ჩასვეს. ეს ვინც ვიცით და ვინც კიდევ არ ვიცით, ფული მიატანინეს და გამოუშვეს, ისიც ძალიან ბევრია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პოლარიზებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდეს“, — განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კითხვაზე, მიიწვევენ თუ არა „იმედის“ ეთერში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ირაკლი რუხაძემ თქვა, რომ ის არის ტელეკომპანიის მფლობელი და არა — დირექტორი.

„ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რატომ მოდის ვიღაც და რატომ არა. მე, მაგალითად, „ფორმულას“ მფლობელს ფეხს არ შემოვადგმევინებ „იმედზე“ არასდროს; ფეხს არ შემოვადგმევინებ ქალბატონ გიული ალასანიას, ვინც არის „მთავარი არხის“ თანამფლობელი და ვინც არის მასთან ასოცირებული; გიორგი ვაშაძეს ფეხს არ შემოვადგმევინებ. მაგის გამო დავკარგე ყველაფერი, როცა იყო რეესტრის უფროსი. ამერიკის მოქალაქეს გადამიკეთეს, ამერიკის სამოას მოქალაქე ხარო და აქტივები დავკარგე“, — განუცხადა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს.

რუხაძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს წაართვეს „იმედი“, აუფეთქეს მანქანა მას შემდეგ, რაც კეზერაშვილს უარი უთხრა „ბორჯომის“ გადაფორმებაზე მისი მეგობრისთვის.

„თქვენ რომ არსებობთ, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“, — მიმართა რუხაძემ მედიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი