ახალი ამბები

ლალიაშვილი: ყველა “იმედელის” გენეტიკურ კოდშია – არა ნაციონალურ მოძრაობას

8 ოქტომბერი, 2020 • 1419
ლალიაშვილი: ყველა “იმედელის” გენეტიკურ კოდშია – არა ნაციონალურ მოძრაობას

“ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება მთავარ პრინციპს – არა ნაციონალურ მოძრაობას”, – ეს განცხადება ნეტგაზეთთან საუბარში ტელეკომპანია “იმედის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ მის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მე-2 პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

საუბარია საქმეზე — ანა ცხოვრებოვა, ნინო კვინტრაძე, მარიამ მჭედლიშვილი, გიგა ბენია და ნუცა შუბაშვილი ნიკოლოზ ლალიაშვილის წინააღმდეგ.

ქარტიის საბჭოს განცხადებით, მათ მიმართეს ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია. ჟურნალისტებმა ქარტიას ნიკა ლალიაშვილთან საუბრის აუდიო ჩანაწერებიც წარუდგინეს, რომლის ავთენტურობასაც თავად ლალიაშვილი ნეტგაზეთთან ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ ისინი კონტექსტიდანაა ამოღებული:

ნეტგაზეთთან საუბარში მან განაცხადა, რომ “ქარტია შეცდომაში შეიყვანეს” და რომ “ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც უნდა იყოს წესით ქარტიაა, არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტი”. კითხვაზე, რატომ არ მიიღო თავად განხილვაში მონაწილეობა და არ წარადგინა საკუთარი არგუმენტები, ლალიაშვილი პასუხობს, რომ ის წინასწარ ხვდებოდა თუ საით მიდიოდა საქმე და არ სურდა პროცესში მონაწილეობა.

“კონტექსტი გახლდათ ბევრად უფრო ვრცელი, ვიდრე ეს ჩანაწერებია. იქ საუბარია ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის ძალიან კონკრეტულ რამდენიმე საკითხზე… იმაზე თუ როგორი არის ტელეკომპანიის ხედვა, მარტივი სიტყვებით, სარედაქციო პოლიტიკაზე იყო საუბარი”, – ამბობს ლალიაშვილი.

ის არ იზიარებს, რომ ჟურნალისტებზე ახორციელებდა ზეწოლას და ნეტგაზეთთან ამტკიცებს, რომ მის მიერ ჩანაწერებში დაფიქსირებული პოზიციები მხოლოდდამხოლოდ რეკომენდაციები იყო, ჟურნალისტებს კი ჰქონდათ საშუალება მას დათანხმებოდნენ ან არა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტები მას არ დაეთანხმებოდნენ?

“ისინი არ დათანხმდნენ და გააგრძელეს კიდეც მუშაობა, საკმაოდ დიდი ხანი, არაერთი თვე”.

თუმცა, როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში არხზე გადაცემა დაიხურა. ლალიაშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემის დახურვასთან არაფერ შუაში იყო მისი და ამ გადაცემის შემქმნელი ჟურნალისტების აზრთა სხვაობები სარედაქციო პოლიტიკაზე, ჟურნალისტიკის პრინციპებზე და ა.შ.

“ეს გადაცემა აღარ აკმაყოფილებდა არხის მოთხოვნებს, მათ შორის არც ფინანსური თვალსაზრისით და მთელი რიგი მოსაზრებების გამო. ამ გადაცემის დახურვის შემდეგ მათ მუშაობის გაგრძელება სხვა ფორმატებში შევთავაზეთ, არანაირი პრეტენზიები არ ჰქონია ამ კონკრეტული სიუჟეტების გამო არხს მათთან”, – აცხადებს ლალიაშვილი.

“როცა ვლაპარაკობთ ბალანსზე ეგაა ზუსტად კონტექტიდან ამოღებული, რომ ბალანსი არ არის ცალსახად პოზიტიური ტერმინი, როცა ყველაზე რეიტინგული არხი… რატომ აქვს ეს ნდობა იმედს? იმიტომ, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის, რომ ვთქვათ მხოლოდ სიმართლე და სიმართლის დაბალანსება შეიძლება მხოლოდ ტყუილით, სწორედ ამ ფილოსოფიას ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკა, რომ ბალანსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადებითი რამ არაა, როცა ლაპარაკობ სიმართლეს უნდა ისაუბრო სიმართლე. თეორიული დისკუსია იყო”.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოსწონდა იმედის ხელმძღვანელობას მთავრობის კრიტიკა, რის შესახებაც ქარტიის გადაწყვეტილებაშია საუბარი. ლალიაშვილის თქმით, “ესაა მცდელობა მოხდეს ყოფითი სამსახურებრივი თემის პოლიტიზაცია”.

“ეს იყო ჩვეულებრივი სამსახურებრივი შეხვედრა. პოლიტიკაზე მაგ კონკეტულ საკითხებში საუბარი არ ყოფილა, თორემ, რა თქმა უნდა, სარედაქციო პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ და ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება მთავარ პრინციპს – არა ნაციონალურ მოძრაობს. ტელეკომპანია იმედი არის ტელევიზია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, რომელიც დახურეს, ყველაზე  სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ამ ტელევიზიის დამფუძნებელი ენმ-სთან ბრძოლას შეეწირა, ასე რომ,  ყველა იმედელის გენეტიკურ კოდშია – არა ნაციონლურ მოძრაობას ამაზე იყო ლაპარაკი”, – აცხადებს ლალიაშვილი.

ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ეთიკის ქარტიის საბჭოსათვის ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტის აზრი და ქცევა იყო მისი სურვილი, რომ დაეცვა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები, ამბები აუდიტორიისათვის მიეწოდებინა დაბალანსებულად, ობიექტურად. ამის საპირისპიროდ მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ, რომ ცალმხრივად და მიკერძოებულად ემუშავა, არ გააკრიტიკებინა ხელისუფლება.

“ტელეკომპანია “იმედი” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაასაქართველოში და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი დირექტორი არა მხოლოდ ახორციელებს კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირ ჩართულია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და ამავე დროს, ამ ჩართულობის წინაპირობაა მისი მოსაზრებები, რომ ბალანსი ცუდია, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა ომია კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ და მეორე ძალის სასარგებლოდ. საყურადღებოა არხის დამოკიდებულება საკუთარი მაყურებლების მიმართ, რომ მაყურებელი უნდა „დაკრისტალდეს“ და მათ უნდა მიეწოდოს მხოლოდ მიკერძოებული ინფორმაცია. ქარტიის საბჭო ცალკე გამოყოფს ჟურნალისტთა ქმედებას, რომ არ დამორჩილდნენ მათ დამოუკიდებლობაში ჩარევას და გაასაჯაროეს მედიამენეჯერების სურვილი, რომ ჟურნალისტები აქციონ მიკერძოებულ ჯარისკაცებად პოლიტიკურ ძალთა ომში”, – ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

გაიგეთ მეტი ქარტიის გადაწყვეტილებაზე:

“მაესტროს” წამყვანი ამბობს, რომ გადაცემა “მიუკერძოებელი მუშაობისთვის” დაუხურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი