ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკი იყიდა. ამის შესახებ ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” შემდეგ ლიბერთი ბანკიდანაც გავიდა

აღნიშნულ გარიგებამდე „ლიბერთი ბანკის“ საკონტროლო პაკეტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული ჰოლდინგი — „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“ (Georgian Financial Group B.V.) ფლობდა. ამ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე სხვებთან ერთად სწორედ ირაკლი რუხაძე იყო.

ბაზისბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა.

“აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.

ამ გარიგებით ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი, აღნიშნავს: „ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.“

განცხადების თანახმად, ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.

მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.

მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

ლიბერთი ბანკი არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელიც მართავს სახელმწიფო პენსიების დარიგებას. ის ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი- 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ბაზი ბანკს, მისი მთავარი მფლობელი ჩინური ჰუალინგ ჯგუფია.

რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, ჯერჯერობით უცნობია.