ნეტგაზეთი | ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია – ქარტია ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია – ქარტია – Netgazeti
RU | GE  

ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მე-2 პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

საუბარია საქმეზე — ანა ცხოვრებოვა, ნინო კვინტრაძე, მარიამ მჭედლიშვილი, გიგა ბენია და ნუცა შუბაშვილი ნიკოლოზ ლალიაშვილის წინააღმდეგ.

ქარტიის საბჭოს განცხადებით, მათ მიმართეს ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი იყვნენ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტები და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, ჟურნალისტები აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ქარტიის ინფორმაციით, საქმის განმხილველ სხდომაში მონაწილეობდნენ განმცხადებლები და მათი წარმომადგენელი. ნიკოლოზ ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

განმცხადებლებმა, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, წარმოადგინეს აუდიოჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს 2019 წლის 24 დეკემბერს [აუდიო N 1] და 2020 წლის 25 თებერვალს [აუდიო N 2 და N 3]. საბჭო გაეცნო აღნიშნულ ჩანაწერებს.

“მაესტროს” უკვე ყოფილი ჟურნალისტების თქმით, პირველი შეხვედრა ნიკოლოზ ლალიაშვილთან მისივე თხოვნით 2019 წლის 24 დეკემბერს შედგა და შეხვედრაზე დაიბარეს მხოლოდ ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელი პროდუსერი და, ამავდროულად, გადაცემის წამყვანი, ანა ცხოვრებოვა. ამ დროისთვის ლალიაშვილი იყო ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე (ტელეკომპანია “მაესტრო” “იმედის” ჰოლდინგში შედიოდა) და, როგორც განმცხადებლები ამბობენ, ლალიაშილმა გააკრიტიკა ცალკეული სიუჟეტები, რომლებიც, მისივე თქმით, “კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ“.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 13 იანვარს ნიკოლოზ ლალიაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ბიზნესის რედაქციის აღმასრულებელ პროდიუსერს, ანა ცხოვრებოვას და მოსთხოვა, რომ გადაცემაში არ გაეშვათ კონკრეტული სიუჟეტი, რადგან ამის გამო “მერიაში ნერვიულობენ”.

“სიუჟეტის თემა იყო ე.წ. „მაღლივის საბაგირო“. ლალიაშვილმა პროდიუსერს მიზეზად დაუსახელა, რომ “მერიაში ნერვიულობენ”. ამ დროისთვის ნიკოლოზ ლალიაშვილი კვლავ დირექტორის მოადგილე იყო. სატელეფონო საუბრის დროს ანა ცხოვრებოვამ ნათლად განუცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია მიუღებელი იყო. მისი თქმით, ბიზნესის რედაქციისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, ინერვიულებდა თუ არა რომელიმე ჩინოვნიკი ამა თუ იმ თემის გაშუქების გამო, რადგან უფრო მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლის ინტერესი, სცოდნოდათ, თუ რატომ არ ამუშავდა საბაგირო, რომლის რეაბილიტაციაზე თანხა დაიხარჯა. რედაქციამ დირექტივა არ გაითვალისწინა და თემა მაინც გააშუქა”, — ვკითხულოთ ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობის მიხედვით, 5 თებერვალს ნიკოლოზ ლალიაშვილი შეხვდა ბიზნესის რედაქციის რამდენიმე თანამშრომელს, სადაც ლალიაშვილმა უთხრა, რომ 16 მარტიდან ეთერში უნდა გასულიყო ახალი ბიზნეს-გადაცემა და მას სურდა, რომ მის მომზადებაში ჩართულიყვნენ ტელეკომპანია “მაესტროს” ბიზნესის რედაქციის თანამშრომლები, თუმცა ანა ცხოვრებოვა არ იქნებოდა არც აღმასრულებელი პროდიუსერი და არც გადაცემის წამყვანი.

“ამ შეხვედრაზე ნიკოლოზ ლალიაშვილმა კვლავ გაიმეორა წინა შეხვედრებზე ჩამოყალიბებული ხედვა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტი არ არის მთავრობის კრიტიკა და მთავარი მიზანია: “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში”. მისივე თქმით, ამ მოსაზრებას უპირობოდ უნდა იზიარებდეს კომპანიის ყველა თანამშრომელი. ნიკოლოზ ლალიაშვილმა ჟურნალისტები ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად თავის მოადგილესთან გაუშვა. ბიზნესის რედაქციის თანამშრომლებმა შესთავაზეს მას, რომ ახალი გადაცემის შექმნამდე გადაცემა “ბიზნესის სიახლეები” “მაესტროზე” დარჩენილიყო. ლალიაშვილმა უპასუხა, რომ გაარკვევდა, თუ რამდენად იყო ეს შესაძლებელი”.

მათივე ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოთხოვნით, ერთმანეთს შეხვდნენ ახალი გადაცემის მომავალი წამყვანი, გურამ ნიკოლაშვილი და გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” სარედაქციო გუნდი. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა კვლავ ვერ მიიღეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია.

“28 თებერვალს გადაცემა ბოლოჯერ გავიდა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. გადაცემის ბოლოს წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ ისაუბრა გადაცემის დახურვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ. იმავე საღამოს “მაესტროს” გენერალურმა პროდიუსერმა, ვარლამ ავალიანმა გადაცემა “ბიზნესის სიახლების” თანამშრომლებს ანა ცხოვრებოვას თანადასწრებით უთხრა, რომ ნიუსრუმში მათი ადგილები სჭირდებოდა სხვა თანამშრომლებისთვის და ორშაბათიდან უნდა “დაეცალათ ოთახი”. ავალიანი გაღიზიანებული იყო იმით, რომ წამყვანმა ეთერში თქვა გადაცემის დახურვის მიზეზი. არხის გენერალურ პროდიუსერსა და რედაქციის თანამშრომლებს შორის შემდგომაც იყო შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია, რადგან, მისი თქმით, ბოლო ეთერის შემდეგ, გადაცემის დახურვაზე პასუხს ყველა მას სთხოვდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია”.

მათივე ცნობით, “არაერთი მცდელობის მიუხედავად, მიეღოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები და ემუშავათ სამუშაოს მკაფიო აღწერილობით”, ჟურნალისტებმა არხთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და 18 მარტს ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, ნუცა შუბაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა და გიგა ბენიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ასევე ავრცელებს ამონარიდებს ლალიაშვილსა და მაესტროს უკვე ყოფილ ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრებზე გამოკვეთლ მნიშნელოვანი გარემოებების შესახებ, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 24 დეკემბრის შეხვედრა:

  1. ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები, რა, დაბალანსებული დაივიწყე, რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ არათუ უნდა დაივიწყოს, არამედ ჟურნალისტის მთავარი მოვალეობაა, რომ ამბები დაბალანსებულად გააშუქოს. ჟურნალისტური საქმიანობა განსაკუთრებული სოციალური დატვირთვის მქონე საქმიანობაა. მედიის მიზანია, მიაწოდოს აუდიტორიას ინფორმაცია, რათა აუდიტორიამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. მაყურებელს/მომხმარებელს აქვს გულწრფელი მოლოდინი, რომ მას ჟურნალისტი აწვდის ყველა მხარესთან გადამოწმებულ, გამოკვლეულ და შემოწმებულ ინფორმაციას. ეს არის საზოგადოების ძირითადი უფლება და, შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბალანსი და გაავრცელოს ზუსტი ინფორმაცია. ეთიკის ქარტიის პირველი და მთავარი პრინციპი ასე იკითხება: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ნიკოლოზ ლალიაშვილის ამ ფრაზაში ჩანს, რომ მისი სურვილია, ჟურნალისტმა უარი თქვას ეთიკურ, პროფესიულ ვალდებულებაზე და ინფორმაცია გააშუქოს მიკერძოებულად.
  2. ჟურნალისტი ეკითხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, თუ რატომ უნდა თქვას უარი ამბების ობიექტურად გაშუქებაზე. ლალიაშვილი პასუხობს, რომ ისინი არიან ომში და თუ ჟურნალისტი უარს იტყვის მის მითითებაზე, რომ არ დაიცვას ბალანსი, ის „დეზერტირია“: „ჰოდა, ახლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ, “იმედი”, ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ჰქვია დეზერტირობა“
  3. ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ომი როგორც ბიზნესმოწინააღმდეგეებთან (“რუსთავი-2”, “მთავარი არხი” და ა.შ.), ასევე, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან, რომელთაც “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონთ. მისი თქმით, ამ ომში ჩართულია „დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური ტოქშოუები“
  4. ჟურნალისტი არ აპირებს „ომში“ ჩართვას და ამბების მიკერძოებულად გაშუქებას.  ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს, რომ მას არა აქვს კორპორატიული სოლიდარობა.
  5. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიასაშუალების მთავარი ეთიკური ვალდებულება მიუკერძოებლობაა. ჟურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი კიდევ ერთხელ გამორიცხავს ამ პრინციპს და ეუბნება მას: „ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტინაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა, რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული“.
  6. საბჭო ყურადღებას ამახვილებს ნიკოლოზ ლალიაშვილის მიზანზე, რომ „დააკრისტალოს“ მისი მაყურებელი. ჟურნალისტი ეკითხება, შეესაბამება თუ არა არხის პოლიტიკას ახალი ამბების ობიექტურად გაშუქება, რაზეც ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს, რომ „შენი ფეხი არ დგამს იქით მხარეს ნაბიჯს, საითაც დგამს იმედი“. ასეთი ქმედებით მაყურებელი იბნევა. თუ ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი „დაკრისტალდეს“, საჭიროა ჟურნალისტიც ჩაერთოს იმ „ომში“, რომელსაც “იმედი” ეწევა და გამორიცხულია ამბების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქება.
  7. საუბრის ბოლოს გამოიკვეთა, კონკრეტულად რა იყო მიუღებელი ნიკოლოზ ლალიაშვილისთვის. პერიოდულად საუბარი ეხებოდა ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალას ლარის ინფლაციაზე. ნიკოლოზ ლალიაშვილს კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, ჟურნალისტის კითხვაზე: „ანუ მთავრობა რომ არ გვეხსენებინა და ისე გაგვეშუქებინა ინფლაცია, რომ რეალურად გვიუფასურებს გაზრდილ ხელფასებს, პრობლემა არ არის? ..“ ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს – „არ არი“. ანუ იკვეთება, რომ ტელეკომპანიას და, შესაბამისად, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ პროსახელისუფლებო პოზიცია, რომ თავი უნდა შეიკავონ მთავრობის კრიტიკისაგან.

2020 წლის 25 თებერვლის შეხვედრა:

აღნიშნულ შეხვედრაზეც ნიკოლოზ ლალიაშვილი აგრძელებს არხის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბარს.

  1. ჟურნალისტები ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად განიხილავენ მომავალ გადაცემას და სარედაქციო დამოუკიდებლობას. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ლალიაშვილი პასუხობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, „თუ თქვენი ღირებულებები თანხვედრაშია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან“. რომ ეს პოლიტიკა არის „არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში“.
  2. ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს არხის “big idea” -ს, რომელიც არის:„შესაბამისად, ჩვენ ვართ როგორც ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ ითანამშრომლებენ მესამე რაიხთან და ნაციზმთან, არასოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ნაციზმი არ აღორძინდეს. ეს არის იმედის სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის basic principle, ჩვენი Big idea ეგ არის“.
  3. „სარედაქციო თავისუფლება – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს არის გამოგონილი ფანტომი“, – ასე აფასებს ნიკოლოზ ლალიაშვილი ჟურნალისტის კითხვას, ექნებათ თუ არა სარედაქციო თავისუფლება.
  4. ჟურნალისტი საუბრისას იხსენებს ორ ფაქტს, როდესაც მის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერივნენ:

„ახალი წლის შემდეგ საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა მონაცემები, საჯარო დეკლარაციებში ხარვეზებზე მთავრობის წევრების. ეს იყო სრულიად ხელმისაწვდომი, საჯაროდ საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის გაშუქებაც გვინდოდა და ამას მოჰყვა ამბავი, რომ სრულიად მთავრობის პიარმა დაიწყო რეკვა ტელევიზიაში, რომ არ გააშუქოთ ეგ“.

„მთავრობამ მიწა გაასხვისა ერთ-ერთ კომპანიაზე იმ მიზნით, რომ ის საბაგიროს გააკეთებდა და მონეტიზაციიდან გარკვეულ შემოსავალს მივიღებდით, რაც არ მოხდა. ეს ტერიტორია ჩაკეტილია და ნაგვის ბუნკერად არის გადაქცეული, თქვენი [იგულისხმება ნიკოლოზ ლალიაშვილი] სურვილი იყო, რომ ეს თემა არ გაშუქებულიყო“. ნიკოლოზ ლალიაშვილს ფაქტი არ უარყვია, რომ ნამდვილად ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. პირიქით, იგი ხაზს უსვამს, რომ ჩარევა მისაღებია, თუ „მთავარ იდეას ემსახურება“, რომ კრიტიკაც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს.

აქვე გთავაზობთ მომჩივანი ჟურნალისტების მიერ ქარტიაში წარდგენილ აუდიოებს, რომლებიც მათ ნიკა ლალიაშილთან საუაბრს ასახავს.

 

ნიკა ლალიაშვილი დღეს უკვე “იმედის” გენერალური დირექტორია და არა- დირექტორის მოადგილე. ნეტგაზეთთან საუბარში მან განაცხადა, რომ “ქარტია შეცდომაში შეიყვანეს” და რ “ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც უნდა იყოს, წესით, ქარტიაა, არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტი”. კითხვაზე, რატომ არ მიიღო თავად განხილვაში მონაწილეობა და არ წარადგინა საკუთარი არგუმენტები, ლალიაშვილი პასუხობს, რომ წინასწარ ხვდებოდა, თუ საით მიდიოდა საქმე და არ სურდა პროცესში მონაწილეობა.

მან ნეტგაზეთთან ასევე განაცხადა, რომ ქარტიის მიერ გამოქვეყნებული  აუდიოჩანაწერები ავთენტურია, თუმცა “კონტექსტიდან ამოღებული”.

“კონტექსტი გახლდათ ბევრად უფრო ვრცელი, ვიდრე ეს ჩანაწერებია. იქ საუბარია ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის ძალიან კონკრეტულ რამდენიმე საკითხზე… იმაზე, თუ როგორი არის ტელეკომპანიის ხედვა, მარტივი სიტყვებით, სარედაქციო პოლიტიკაზე იყო საუბარი”, – ამბობს ლალიაშვილი.

ის არ იზიარებს, რომ ჟურნალისტებზე ახორციელებდა ზეწოლას და ნეტგაზეთთან ამტკიცებს, რომ ჩანაწერებში მის მიერ დაფიქსირებული პოზიციები მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციები იყო, ჟურნალისტებს კი ჰქონდათ საშუალება, მას დათანხმებოდნენ ან არა. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები მას არ დაეთანხმებოდნენ?

“ისინი არ დათანხმდნენ და გააგრძელეს კიდეც მუშაობა, საკმაოდ დიდი ხანი, არაერთი თვე”.

თუმცა, როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, არხზე გადაცემა დაიხურა. ლალიაშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემის დახურვასთან არაფერ შუაში იყო მისი და ამ გადაცემის შემქმნელი ჟურნალისტების აზრთა სხვაობები სარედაქციო პოლიტიკაზე, ჟურნალისტიკის პრინციპებზე და ა.შ.

“ეს გადაცემა აღარ აკმაყოფილებდა არხის მოთხოვნებს, მათ შორის, არც ფინანსური თვალსაზრისით და მთელი რიგი მოსაზრებების გამო. ამ გადაცემის დახურვის შემდეგ მათ მუშაობის გაგრძელება სხვა ფორმატებში შევთავაზეთ, არანაირი პრეტენზიები არ ჰქონია ამ კონკრეტული სიუჟეტების გამო არხს მათთან”, – აცხადებს ლალიაშვილი.

“როცა ვლაპარაკობთ ბალანსზე, ეგაა ზუსტად კონტექსტიდან ამოღებული, რომ ბალანსი არ არის ცალსახად პოზიტიური ტერმინი, როცა ყველაზე რეიტინგული არხი… რატომ აქვს ეს ნდობა იმედს? იმიტომ, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის, რომ ვთქვათ მხოლოდ სიმართლე და სიმართლის დაბალანსება შეიძლება მხოლოდ ტყუილით, სწორედ ამ ფილოსოფიას ეყრდნობა ჩვენი პოლიტიკა, რომ ბალანსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადებითი რამ არაა, როცა ლაპარაკობ სიმართლეს, უნდა ისაუბრო სიმართლე. თეორიული დისკუსია იყო”.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოსწონდა იმედის ხელმძღვანელობას მთავრობის კრიტიკა, რის შესახებაც ქარტიის გადაწყვეტილებაშია საუბარი, ლალიაშვილის თქმით, “ესაა მცდელობა მოხდეს ყოფითი სამსახურებრივი თემის პოლიტიზაცია”.

“ეს იყო ჩვეულებრივი სამსახურებრივი შეხვედრა. პოლიტიკაზე მაგ კონკეტულ საკითხებში საუბარი არ ყოფილა, თორემ, რა თქმა უნდა, სარედაქციო პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ და ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება მთავარ პრინციპს – არა ნაციონალურ მოძრაობს. ტელეკომპანია იმედი არის ტელევიზია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, რომელიც დახურეს, ყველაზე  სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ამ ტელევიზიის დამფუძნებელი ენმ-სთან ბრძოლას შეეწირა, ასე რომ,  ყველა იმედელის გენეტიკურ კოდშია – არა ნაციონლურ მოძრაობას, ამაზე იყო ლაპარაკი”, – აცხადებს ლალიაშვილი.

ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, ეთიკის ქარტიის საბჭოსათვის ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტის აზრი და ქცევა იყო მისი სურვილი, რომ დაეცვა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები, ამბები აუდიტორიისათვის მიეწოდებინა დაბალანსებულად, ობიექტურად. ამის საპირისპიროდ მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ, რომ ცალმხრივად და მიკერძოებულად ემუშავა, არ გაეკრიტიკებინა ხელისუფლება.

“ტელეკომპანია “იმედი” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა საქართველოში და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი დირექტორი არა მხოლოდ ახორციელებს კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირ ჩართულია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და, ამავე დროს, ამ ჩართულობის წინაპირობაა მისი მოსაზრებები, რომ ბალანსი ცუდია, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა ომია კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ და მეორე ძალის სასარგებლოდ. საყურადღებოა არხის დამოკიდებულება საკუთარი მაყურებლების მიმართ, რომ მაყურებელი უნდა „დაკრისტალდეს“ და მათ უნდა მიეწოდოს მხოლოდ მიკერძოებული ინფორმაცია. ქარტიის საბჭო ცალკე გამოყოფს ჟურნალისტთა ქმედებას, რომ არ დამორჩილდნენ მათ დამოუკიდებლობაში ჩარევას და გაასაჯაროეს მედიამენეჯერების სურვილი, რომ ჟურნალისტები აქციონ მიკერძოებულ ჯარისკაცებად პოლიტიკურ ძალთა ომში”, – ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ამავე თემაზე

“მაესტროს” წამყვანი ამბობს, რომ გადაცემა “მიუკერძოებელი მუშაობისთვის” დაუხურეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი