ბრიტანეთში სისხლის სიმსივნით დაავადებული ზოგიერთი ბავშვი ახალ, ქიმიოთერაპიაზე „ბევრად ნაკლებად ტოქსიკურ“ მკურნალობას იღებს, რომელიც ეფექტიანია, იუწყება „ბი-ბი-სი“.
გამოცემა ახალი წამლის, „ბლინათუმომაბის“ [blinatumomab], იგივე „ბლინას“ შესახებ 11 წლის განკურნებული პაციენტის, ართურის მაგალითზე ყვება. წამალს ბავშვთა ლეიკემიის 20-მდე სამკურნალო ცენტრი იყენებს გაერთიანებულ სამეფოში. წამლის გამოყენება უკვე ნებადართულია ზრდასრულებისთვის. აღნიშნულ მედიკამენტებს ბავშვებში სისხლის სიმსივნის კონკრეტული სახეობის — B უჯრედოვანი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (B-ALL) — სამკურნალოდ იყენებენ
„ბლინა“, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, თავად არ ანადგურებს კიბოს უჯრედებს – ის მაღალი სიზუსტით ეხმარება იმუნურ სისტემას მათ აღმოჩენაში და შემდგომ განადგურებაში. შედეგად, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, სიმსივნის უჯრედებთან ერთად არ ნადგურდება ჯანმრთელი უჯრედებიც.
გარდა ამისა, ახალი წამალი არ მოითხოვს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნას პროცედურის დროს. „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ წამალი წარმოადგენს სითხით ავსებულ პატარა ჩანთას, რომელიც ზურგჩანთაში ეტევა და სრულიად პორტაბელურია. წამალი ამ ჩანთიდან ხვდება პაციენტის ვენაში, ხოლო ტუმბო არეგულირებს, რამდენად სწრაფად ჩაედინება წამალი პაციენტის სისხლში.
წამლის მიღებამდე 11 წლის ართურმა, სხვა პაციენტების მსგავსად, სხვადასხვა წამალი მიიღო სერიოზული რეაქციის ან/და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. თავდაპირველად მაინც ჰქონდა ტემპერატურა და მცირე ხანი საავადმყოფოში გაატარა, თუმცა შემდეგ სახლში დაბრუნება და დისტანციური მკურნალობა მოახერხა.
მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებისას პაციენტს მუდმივად დააქვს თან წამლით სავსე პატარა ჩანთა და, შესაბამისად, შეუძლია, მკურნალობასთან პარალელურად სხვა რაღაცებიც აკეთოს.
ართურის დედის, სანდრინას განცხადებით, მისი შვილისთვის ქიმიოთერაპიის პროცედურა მძიმე იყო, „ბლინასგან“ განსხვავებით. საბოლოო ჯამში, წამალმა შედეგიც მოიტანა და ართურმა კიბო დაამარცხა. „იგი გათავისუფლდა“, – ამბობს დედამისი და ამატებს: „ახალ წელს აღმოვაჩინეთ, რომ ბლინამ იმუშავა და რეციდივი აღარ გვქონდა“.
ექიმების ცნობით, „ბლინას“ შეუძლია ქიმიოთერაპიის პროცედურის დიდი ნაწილის, დაახლოებით, 80%-ის ჩანაცვლება.
„ბლინა“ ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა დიდ ბრიტანეთში მას დაზღვევის სხვადასხვა პაკეტი ანაზღაურებს.