ახალი ამბები

ოკუპაციის მიღმა ქმედებები ჩვენს კონტროლს გარეთაა და აქ ბერკეტები არ გვაქვს – დარჩიაშვილი

25 დეკემბერი, 2023 •
ოკუპაციის მიღმა ქმედებები ჩვენს კონტროლს გარეთაა და აქ ბერკეტები არ გვაქვს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, საქართველოს მთავრობის კონტროლის გარეთ არის და მთავრობას მასზე არანაირი ბერკეტები არ აქვს.

ასე უპასუხა ილია დარჩიაშვილმა კითხვას, რომელი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებას შეეხებოდა. კერძოდ, კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატოს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს.

ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი