ახალი ამბები

თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ – კოლომინა ოჩამჩირის ბაზაზე

24 დეკემბერი, 2023 • 3439
თუ თავს დაგვესხმებიან ან ჩვენ დაგვემუქრება, ვიმოქმედებთ – კოლომინა ოჩამჩირის ბაზაზე

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, მაშინ ალიანსი იმოქმედებს.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია.

ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი გეგმავს შავ ზღვაში ახალი სამხედრო ბაზის მოწყობას. კერძოდ, საქართველოს იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა სახის საფრთხეს აჩენს ეს ფაქტი ნატო-სთვის და როგორი იქნება რეაგირება?“, – ჰკითხა კოლომინას ჟურნალისტმა, რაზეც ნატო-ს წარმომადგენლემა უპასუხა, რომ რუსეთის ეს მცდელობა შეფოთებას იწვევს.

„რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის ნატო-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატო-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ [პირველი არხის თარგმანი].


ოკუპირებლ რეგიონში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს „იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება.

ბჟანიას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ოპოზიციურ წრეებში. საგარეო უწყებამ მოსკოვის პოლიტიკა დაგმო, ოპოზიციაში კი საქართველოსთვის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი