ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ გააკრიტიკა უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი. როგორც ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ეთანხმები, იმის შემდეგ აღარ უნდა თქვა, რომ სხვა მოსაზრება გაქვს და „უნდა მოკეტო“.
კერძოდ, ჟურნალისტებთან უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ საუბრისას დე კრუმ თქვა:
„გადაწყვეტილება აუცილებლად შესასრულებელია 27 ქვეყნისთვის. ესაა თამაშის წესები და ყველამ იცის. თუ ეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო 27-მა ადამიანმა სხდომაზე, მერე აღარ უნდა თქვა, სხვა მოსაზრება მაქვსო. ამის შემდეგ უნდა მოკეტო… ეს არ უნდა მეთქვა.“, – აღნიშნა მან.
ბელგიის პრემიერმა უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი იგულისხმა ადამიანში, რომელმაც აღარ უნდა თქვას, რომ სხვა მოსაზრება აქვს. ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე ორბანი იმუქრებოდა, რომ დაბლოკავდა უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
საბოლოო ჯამში, ორბანმა მოლაპარაკებების გახსნას არც მხარი დაუჭირა, თუმცა არც ვეტოს უფლება გამოიყენა. მან უბრალოდ დატოვა სხდომა, რითაც დანარჩენ ქვეყნებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღების საშუალება მიეცათ. მოგვიანებით ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურდა, არასწორი გადაწყვეტილების ნაწილი ყოფილიყო.
ჟურნალისტებმა დე კრუს ჰკითხეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებაც. როგორც მან თქვა, საქართველოს წევრობისთვის რეფორმების გატარება სჭირდება.
„ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენი გზავნილი შემდეგია – ეს გრძელი გზაა, ბევრი რეფორმაა საჭირო, მაგრამ ვისაც სურს ევროკავშირის წევრობა, რაც უსაფრთხოების გარანტიაა და ქმნის კეთილდღეობას… რეფორმებს თუ გაატარებთ, შეგიძლიათ ამის ნაწილი იყოთ“, – თქვა მან.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე: