ევროკავშირის სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გასახსნელად ოლაფ შოლცმა „მეტად უჩვეულო ხრიკს“ მიმართა, წერს „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ერთხმად მიიღო, თუმცა, არა სრული შემადგენლობით – გადაწყვეტილების მიღებისას ადგილზე არ იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას და უკრაინის დაბლოკვითაც იმუქრებოდა.
კენჭისყრისას ორბანის მიერ სხდომის დატოვების იდეას „პოლიტიკოს“ წყაროები სწორედ შოლცს მიაწერენ. მათი განცხადებით, გერმანიის კანცლერმა უნგრელ კოლეგას შესთავაზა, სხდომათა დარბაზიდან გასულიყო და გარეთ ყავა დაელია.
ევროკავშირის წესდებით, გადაწყვეტილება ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს, თუმცა აქ ერთი ნიუანსიცაა გათვალისწინებული – გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება ერთ-ერთი წევრის არყოფნის შემთხვევაშიც. ოთახის დატოვებით ორბანმა შეინარჩუნა შესაძლებლობა ეთქვა, რომ არ მიუცია ხმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის, დანარჩენმა წევრებმა კი სასურველი ნაბიჯი გადადგეს.
შოლცის მოფიქრებულ გამოსავალს „პოლიტიკო“ „მეტად უჩვეულოდ“ აფასებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები და დიპლომატები დარწმუნებით ვერც ამბობენ, მომხდარა თუ არა მსგავსი რამ აქამდე.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ორბანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „უნგრეთს არ სურდა ამ ცუდი გადაწყვეტილების ნაწილი ყოფილიყო“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი X-ზე აღნიშნა, რომ „მადლობას უხდის კანცლერ შოლცს ძალისხმევისთვის“.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.
ამავე თემაზე: