ახალი ამბები

“საქართველო ეკუთვნის ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს” – ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე

15 დეკემბერი, 2023 • 2122
“საქართველო ეკუთვნის ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს” – ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. პლატფორმა X-ზე [ყოფილი ტვიტერი] ზელენსკიმ დაწერა, რომ ევროპა უკრაინისა და საქართველოსთვის საერთო ოჯახია.

“მე ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მივულოცე მას და ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანაც მივიღე მოლოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველო ეკუთვნის ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს”, – წერს ზელენსკი.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც საჯაროდ მიულოცა პრეზიდენტ ზელენსკის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ხალხის დამსახურებაზე.

“დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორწლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენ. ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნა უკრაინასა და მოლდოვისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი