ახალი ამბები

რა ელის თბილისს რამდენიმე წელში? — ურბანული კვლევების ცენტრის კვლევა

12 დეკემბერი, 2023 • 11627
რა ელის თბილისს რამდენიმე წელში? — ურბანული კვლევების ცენტრის კვლევა

„ურბანული კვლევების ცენტრმა (URC)“ კვლევის “მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევები” ძირითადი მიგნებები გაასაჯაროვა.

კვლევა ყურადღებას ამახვილებს თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო ტენდენციებზე, ურბანულ გამოწვევებსა და პოტენციურ საფრთხეებზე, ასევე, ტენდენციების ზეგავლენაზე ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ძირითადი საკვლევი არეალი მოიცავდა პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის მიდამოებში. კერძოდ, 16 პრობლემურ პროექტს.

კვლევას რამდენიმე ავტორი ჰყავს: თამარ ამაშუკელი, ნანო ზაზანაშვილი, ელენე ხუნდაძე და ანა ხუროძე. მათი თქმით, შესწავლილი პროექტების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად არის შეთანხმებული, ნაწილი კი არა, თუმცა დიდია მათ განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეები.

შესწავლილ პროექტებს შორისაა მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, 2 მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.

ლაგუნა ვერესთან დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსი. ფოტო: საპროექტო წინადადება

ავტორების შეფასებით, ყველა ეს პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მიზნებსა და ფასეულობებს.

“მაგალითად, საქანელას ქუჩის არეალში დაგეგმილი პროექტი სრულიად შლის აღნიშნული ქუჩის კვალს, სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელის ქუჩასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი, მწვანე არეალის ათვისებასაც”, – აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, განხილული პროექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. მაგალითად და განსაკუთრებით, თბილისის ისეთ ორიენტირებზე, როგორებიც არის „ლურჯი მონასტერი“, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ცირკის შენობა.

“ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ჩარევით, გამწვანებული სივრცეების ამოვსებით ან/და ახლებური დაგეგმარებით ზიანი ადგება და საფრთხის ქვეშ დგება ქალაქის უნიკალური არქიტექტურულ-სივრცობრივი ორგანიზაცია”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში მოცულ ტერიტორიაზე უკვე შეთანხმებული და სამომავლოდ მოაზრებული პროექტები ისეთ სიმჭიდროვეს ქმნის, იმდენად უსისტემოდ, რომ საფრთხე ექმნება როგორც ურბანულ მემკვიდრეობას, ისე ტრანსპორტით უზრუნველყოფას.

მშენებლობა ელბაქიძის ქუჩაზე. ფოტო: საპროექტო რენდერი

კვლევის ავტორები ტრანსპორტთან დაკავშირებით ძირითად მიგნებებსაც გვიზიარებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად სატრანსპორტო რეფორმისა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ქალაქის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების პოლიტიკა ამ რეფორმის მიზნებს არ შეესაბამება და ქმნის რისკებს, რომ რეფორმა წარუმატებლად დასრულდება. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების (ტზშ) ინსტრუმენტი იმთავითვე გაუმართავია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია სავალდებულო.

“გაუმჭვირვალეა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დასკვნები ზოგადი, შაბლონური ტექსტით შემოიფარგლება”, — აღნიშნავენ მკვლევრები.

კვლევის ძირითად მიგნებებში საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ დედაქალაქი გასცემს ნებართვას ისეთი დაუსახლებელი სივრცეების მაღალი ინტენსივობით ათვისებაზე, სადაც მისასვლელი ერთადერთი საშუალება ავტომობილია. დაშვებულია უკვე არსებული განაშენიანების გამჭიდროება, რასაც ქაოსური ხასიათი აქვს. ამ ქმედებების ზეგავლენა კი არ ფასდება, შესაბამისად, არ იგეგმება დასაბუთებული, მაკომპენსირებელი ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი