ახალი ამბები

გაუქმდეს ელბაქიძეზე დაგეგმილი კომპლექსის გრგ – ორგანიზაციების მიმართვა

31 მარტი, 2022 • 3837
გაუქმდეს ელბაქიძეზე დაგეგმილი კომპლექსის გრგ – ორგანიზაციების მიმართვა

10-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართავს თხოვნით, ბათილად ცნონ ელბაქიძის დაღმართზე მულტიფუნქციური კორპუსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რადგან დაგეგმილი კორპუსი „სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ცნობით, ელბაქიძის დაღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე, კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივით მასშტაბური მშენებლობა იგეგმება.

ღია წერილით, რომელიც 31 მარტს გამოქვეყნდა, ორგანიზაციები გამოხატავენ „უკიდურეს შეშფოთებასა და განგაშს“ დაგეგმილი მშენებლობის გამო.

„სს „სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასში დაცული ძეგლების სივრცით არქიტექტურულ გარემოს. მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაც დამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ამ მასშტაბის ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთ თქმული ეწინააღმდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი სთხოვენ საკრებულოსა და მერიას:

  • „ბათილად ცნონ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რათა პროექტს არ მიეცეს მსვლელობა სანებართვო პროცესის შემდეგ სტადიებზე;
  • პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით, უზრუნველყონ ტერიტორიისთვის ჩარჩო–დოკუმენტის მომზადება, რომელიც ინვესტორს ისტორიული ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე განუსაზღვრავს განაშენიანების ძირითად პარამეტრებს და ქალაქგეგმარებით მახასიათებლებს“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • მწვანე ალტერნატივა
  • ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი(ICOMOS საქართველო)
  • ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • საქართველოს ეროვნული ფონდი
  • მწვანეები
  • საზოგადოება „ბათომი“
  • სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა
  • ეკო ცენტრი-მოძრაობა „გავიგუდეთ“
  • დიღმის ჭალების სამეზობლო თემი
  • საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  • ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი
  • მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
  • ცირა ელისაშვილი, მხატვარ მონუმენტალისტი
  • ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
  • სოფიო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ნინო ინაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე
  • საინიციატივო ჯგუფი „მუზეუმისთვის“

2022 წლის 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს ელბაქიძის აღმართზე მულტუფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს.

განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება არ ნიშნავს მშენებლობის დაწყების უფლებას.

სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთვის მშენებელმა მხარემ არქიტექტურის სამსახურში უნდა შეათანხმოს პროექტი, შემდეგ კი მიიღოს მშენებლობის უფლება.

ამ მშენებლობას ექსპერტები პრობლემურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ საბოლოოდ გასცა არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა, ეს გადაწყვეტილება დააზიანებს თბილისის კულტურულ ლანდშაფტსა და მის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას — ხედს მთაწმინდის ქედზე.

ვრცლად ამ საკითხზე გირჩევთ წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი