საზოგადოება

ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

19 იანვარი, 2023 • 7599
ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ატვირთეს, მასზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

განაცხადის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.

კომპანია „კოსტავას 69-ს“  დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

ლაგუნა ვერესთან მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. ფოტო: საპროექტო წინადადება

რაც შეეხება პროექტის დეტალებს, როგორც საპროექტო წინადადებაში ვკითხულობთ, კომპლექსის სართულების მინიმალური რაოდენობა 1-ია, ხოლო მაქსიმალური – 65. მშენებლობის ფართობია 33500კვ.მ.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი მოიაზრებს კომერციულ საოფისე, საცხოვრებელ და დამხმარე ფართებს.

პროექტში ხშირად მოიხსენიება ისტორიული „ლაგუნა ვერეც“. დამკვეთი ამბობს, რომ „ლაგუნსა“ ნაგებობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სამუშაოებს“, თუმცა აქვე დასძენს:

„ყოფილი საცურაო აუზის „ლაგუნა ვერეს“ სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და, შესაბამისად, მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე“, – ამბობენ პროექტის ავტორები.

ადგილი, სადაც პროექტის აშენებას გეგმავენ.

გარდა ამისა, აქვე ვკითხულობთ:

„ახალი მოცულობის (მოცულობების) დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებული ბუნებრივი რელიეფის თავისებურება და არქიტექტურის ლანდშაფტთან შესაბამისი მასშტაბი. მოცულობის (მოცულობების) დასმისას სასურველია გათვალისწინებული იყოს ვრცელი ხედვითი არეალების დაუფარაობის პრინციპი, რადგანაც ერთიანი განაშენიანების ფარდა მთლიანად დაარღვევს აღნიშნული სივრცითი მონაკვეთის ურბანულ კონტექსტს ისე, როგორც ეს მოხდა “სატივეს” კომპლექსის შემთხვევაში.

ქალაქისათვის „ლაგუნა ვერეს“ რეკრეაციული ფუნქციის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე აუცილებელია, ახალ არქიტექტურულ კომპლექსში განახლდეს აუზის თემა და მასზე დაბრუნდეს მოზაიკური პანო“.

თავად „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მფლობელი შპს „ლაგუნა ვერეა“. მისი დირექტორი ასევე კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი-  ფონდი „ქართუ“.

„ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი კომპლექსის ფოტომონტაჟი.

მასალების გადაბეჭდვის წესი