ახალი ამბები

რუსთაველზე ზებრა გადასასვლელები მოეწყობა — წილოსანი

17 ნოემბერი, 2023 • 3035
რუსთაველზე ზებრა გადასასვლელები მოეწყობა — წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.

აღნიშნული განცხადება წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე ქვეითებს სამანქანო გზის გადაკვეთა მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელების მეშვეობით შეუძლიათ. წილოსანის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ დარჩება და მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, გზის გადასაკვეთად რომელი მეთოდი გამოიყენონ:

„არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში დედაქალაქის [მთავარ] გამზირზე ადამიანები სარგებლობდნენ მიწისქვეშა გადასასვლელებით. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ცივილური სამყაროს წევრი, ეს არის სირცხვილი“ ,— ამბობს ვიქტორ წილოსანი.

2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდება.

„პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქციული ნაწილები, იმიტომ, რომ არის ისეთი შენობები, რომლებიც საჭიროებს გამაგრებას, ძველი შენობებია. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება. მოწესრიგდება ფასადზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები“, — ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, „შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით“, გაამაგრებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას.

„ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი