ახალი ამბები

ელისაშვილის სექსისტური განცხადება ბასლაინებში მოძრავ კერძო ავტომობილებზე

14 ნოემბერი, 2023 • 7501
ელისაშვილის სექსისტური განცხადება ბასლაინებში მოძრავ კერძო ავტომობილებზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ავტობუსების ზოლებში (ბასლაინი) მოძრავი კერძო ავტომობილების პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებს. ელისაშვილის შეფასებით, ბასლაინების გაკეთება იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არასწორია, რომ მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა სხვებიც იყენებენ.

მან პრობლემაზე სასაუბროდ გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებული, სექსისტური განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს, 14 ნოემბერს გააკეთა.

“ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ტუჩებდაბერილი ვიღაცა გოგუცუნები რომ სხედან საჭეებთან, ისინი რამე ოპერატიული სამსახურების თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული და იმას შვრებიან, რა ჰქვია … […] მილიონობით მანქანა რომ დათარეშობს მაშინ, როდესაც ყველა ვგმინავთ, კანონის პატივისმცემელი ხალხი საცობებში საათობით, და გაგიშხუილებს აქედან მილიონი მანქანა”, – განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ელისაშვილის შეფასებით, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო თვალს ხუჭავს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ან გასცემს სპეციალურ საშვებს ავტობუსის ზოლში სამოძრაოდ.

“ყველამ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პრაქტიკა, რომ თუ მონაცემთა ბაზიდან ამოიღებენ კონკრეტული ავტომანქანის ნომერს, რაც არ უნდა დარღვევა ჩაიდინოს იმ მანქანამ, არც ჯარიმა მიუვა და არც დაფიქსირდება. როგორ ჩანს, ეს “ნარუშილოვკები” არის დარიგებული ასე ხელაღებით. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რაც ხდება?! აქეთ უძრავი საცობია და იქეთ ერთი, ორი, შვიდი ათასი, ათი ათასი მანქანა ისე დაქრის, გეგონება, ის იყოს … რანაირად ხდება ეს?!”, — ამბობს ელისაშვილი.

დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ახსნან და აღკვეთონ ეს პრაქტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი