ახალი ამბები

თბილისის მერიის ცნობით, დეკემბერში 50 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ

7 ნოემბერი, 2023 • 1249
თბილისის მერიის ცნობით, დეკემბერში 50 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ MAN-ის ფირმის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა, რომელთა შემოყვანაც დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ მან დღეს, 7 ნოემბერს, მიუნხენში ვიზიტისას ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ავტობუსები დაათვალიერა.

კალაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების განახლების ბოლო ეტაპია და მათი შემოყვანა მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად დასრულდება.

მიმდინარე წლის დეკემბერში კი პირველ ეტაპზე საქართველოში 50 ერთეულ ავტობუსს ჩამოიყვანენ.

მერიის ცნობით, საქართველოში MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია “თეგეტა მოტორსია” და სწორედ ის იქნება ავტობუსების სარემონტო სამუშაოებზე და ავტობუსების მაღალი ხარისხის ორიგინალი ნაწილების უზრუნველყოფაზე.

რაც შეეხება თავად ავტობუსების მოწყობას, მერიის ცნობით, ისინი გათვლილია 162 მგზავრზე, საიდანაც 43 დასაჯდომი ადგილი იქნება. ამასთან, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის:

“სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი. ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე”, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობით, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ამასთან, ტრანსპორტში იმოქმედებს საინფორმაციო სისტემაც, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.

ავტობუსები იმუშავებს ბუნებრივ აირზე.

მერიის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე თბილისში კომპანია MAN-ის 400-მდე ავტობუსი იქნება, რაც სრული საავტობუსე პარკის დაახლოებით 40%-ია.


თბილისის მერმა კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის გეგმაზე საუბარი 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აღნიშნული რეკომენდაცია “სისტრამ” გასცა თბილისის სატრანსპორტო გზებთან დაკავშირებულ კვლევაში.

თავდაპირველი გეგმით, ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით უნდა მომხდარიყო.

EBRD-ის 80 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვის.

საბოლოოდ, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ცნობილი გახდა, რომ მერია EBRD-ის სესხზე უარს ამბობდა და საკუთარი ბიუჯეტიდან გაწევდა აღნიშნულ ხარჯებს.

თბილისში აქამდე არ მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსი, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დედაქალაქს შესაბამისი ავტობაზა არ ჰონდა. ამ ავტობუსების შემოყვანა უკვე მეოთხე წელია, რაც შეფერხებულია.

2023 წლის წლის აპრილში თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა სატრანსპორტო კომპანიამ 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის სავარაუდო თანხა 62 800 000 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 18 თვეში უნდა შესრულებულიყო.

ამასთან, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში მეოთხე ავტობაზის სამშენებლო ინფრასტრუქტურა იმ დონემდე მიეყვანა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოყვანილი 50 ერთეული 18- მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია. კერძოდ, აპრილიდან 10 თვის ვადაში უნდა მოწყობილიყო:

  1. სადგომი ტერიტორია – პლაცი;
  2. გაზგასამართი სადგური;
  3. სამრეცხაო;
  4. სარეგლამენტო მომსახურების სივრცე;
  5. სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე;
  6. საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა;
  7. ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა;
  8. ტერიტორიის შემოღობვა;
  9. საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა;
  10. დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.

“ნეტგაზეთმა” მიმართა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეკითხვით, თუ სად განთავსდება დეკემბერში ჩამოყვანილი 50 ავტობუსი. ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი