ახალი ამბები

პროკურატურამ კოლეგაზე ადევნებისთვის პედაგოგს ბრალი წარუდგინა

30 იანვარი, 2024 • 1545
პროკურატურამ კოლეგაზე ადევნებისთვის პედაგოგს ბრალი წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თერჯოლაში პედაგოგი საკუთარი კოლეგის მხრიდან ორი წლის განმავლობაში იყო ადევნების მსხვერპლი. უწყებამ კაცს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადევნებას, რომელმაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.

კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება მოითხოვს, პედაგოგს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს. ასევე, დატოვოს თანამდებობა. გარდა ამისა, პროკურატურა მიმართავს განათლების სამინისტროს საქმის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი