ახალი ამბები

მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით დირექტორობის კანდიდატები პროტესტს აგრძელებენ

30 ნოემბერი, 2023 • 1169
მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით დირექტორობის კანდიდატები პროტესტს აგრძელებენ

მასწავლებლები და დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც ჩატარებულ კონკურსში, როგორც თავად ამბობენ, “დაბლოკეს”, პროტესტს აგრძელებენ. ისინი სამინისტროსთან დღეს, 30 ნოემბერს, ისევ შეიკრიბებიან.

მინისტრთან შეხვედრის 6-თვიანი უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ეკალაძე, კოლეგებთან ერთად, გუშინ სამინისტროში პირადად მივიდა.

სამუშაო საათები ისე ამოიწურა, რომ მათ არათუ მინისტრთან, სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაც ვერ მოახერხეს, რის გამოც ეკალაძემ ფოიეში სივრცის გამოყოფა მოითხოვა “მჯდომარე პროტესტისთვის”, თუმცა ამის უფლებაც არ მისცეს.

“ხუთის ნახევარზე შევიტანე [განცხადება], ექვსის ნახევრიდან ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ვეუბნებოდით ჩვენს სათქმელს ქვემოდან. მინისტრთან შეხვედრა არის მოთხოვნა. შეხვედრაზე გვსურს ორი ძირითადი საკითხის განხილვა – დირექტორების არჩევნები და მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა”, – ამბობს ეკალაძე.

შეხვედრის მოთხოვნის უშედეგო მცდელობის შემდეგ მასწავლებელთა ნაწილმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია დატოვა, თუმცა მაია ეკალაძემ გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად ღამე სამინისტროსთან გაეთენებინა.

“თვითონ ძალიან კარგად იციან, ვინ ვყავართ დაბლოკილები – ვინც ცოტა პროტესტს გამოვთქვამთ, რუსულ კანონს ვეწინააღმდეგებოდით თავის დროზე, გარკვეული აზრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერმა ბიუჯეტის ფულით არ იფრინოს სადღაც და ამაზე, ასე ვთქვათ, კომენტარის ვაკეთებდით”, – ამბობს მაია ეკალაძე.

მაია ეკალაძის ინფორმაციით, 6-თვიანი პროტესტის განმავლობაში ისინი მხოლოდ ერთხელ, 22 ნოემბერს შეხვდნენ მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს. თუმცა, მისი შეფასებით, ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული არ ყოფილა.

“მინისტრის მოადგილე შეგვხვდა. კითხვაზე არ უპასუხია. მისი სიტყვები მხოლოდ ის იყო, გვინდა დაგეხმაროთ. ვერ გავიგე, საქველმოქმედო ფონდში მივედი და დახმარებას ვითხოვდი? ვითხოვ, კონკურსი სწორად გაიმართოს”, – ამბობს ეკალაძე.

მაია ეკალაძე 29 ნოემბრის ღამეს, განათლების სამინისტროსთან ითხოვს მინისტრთან შეხვედრას

მაია ეკალაძე ერთ-ერთია იმ 26 მასწავლებელს შორის, ვინც ISFED-თან ერთად გასაუბრების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. კონკრეტულად რა კითხვები აქვს მას კომისიასა და სამინისტროსთან, შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ სტატიაში: გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას ვითხოვთ – სკოლის დირექტორობის კანდიდატი.

ერთ-ერთი, ვინც გუშინ მაია ეკალაძეს პროტესტს სამინისტროსთან პირადად შეუერთდა, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ნანა ტოხვაძე იყო. მან ეკალაძეს სამინისტროსთან ღამის გათენებას გადააფიქრებინა – ტოხვაძე ფიქრობს, რომ მასწავლებელს, რომელმაც მეორე დღეს სკოლაში გაკვეთილები უნდა ჩაატაროს, სამინისტროსთან ღამის გათევა არ უნდა უწევდეს.

“პირადად მე ძალიან ბევრი თხოვნა და მუდარა მომიწია [მაია ეკალაძისთვის], რომ პირველ რიგში, გაფრთხილებოდა თავის ჯანმრთელობას. ეს ბრძოლა მას გასაგრძელებელი აქვს და აბსოლუტურად ვერანაირ რეზულტატს ვერ მოიტანს, როცა ექვსი თვე მინისტრი არ შეაწუხა სინდისმა, რომ შეხვდეს ადამიანებს და პასუხები გასცეს”, – უთხრა ნეტგაზეთს ტოხვაძემ.

ტოხვაძე დირექტორობის შერჩევის პროცესის პოლიტიზებაზე საუბრობს.

“რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან? პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოს დირექტორთა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ისედაც დეფიციტურია სერტიფიცირებული დირექტორების რაოდენობა საქართველოში. ხუთასი სერტიფიცირებული კანდიდატი რომ სისტემამ არ წარადგინა იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ არის მის მხარეს, ეს არის კატასტროფა და განათლების სისტემისთვის დამღუპველი”, – ამბობს ტოხვაძე.

იგი საარჩევნო პროცესებს უკავშირებს მასწავლებლებისთვის ხელფასების მატების პროცესსაც.

“მასწავლებლებს 2024 წლიდან დაჰპირდნენ ხელფასების მატებას. 2024 წელი ყველასთვის იწყება პირველ იანვარს, რატომღაც ჩვენი ხელისუფლებისთვის და განათლების სამინისტროსთვის იწყება არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში და მხოლოდ ივლისიდან აპირებენ, რომ შვებულებაში მყოფ მასწავლებლებს გაუზარდონ ხელფასი, მაშინ როდესაც იანვრიდანვე სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული იყო 125-ლარიანი მატება”, – ამბობს ტოხვაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

ნანა ტოხვაძე

ნეტგაზეთი ცდილობს განათლების სამინისტროსთან დაკავშირებას დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად.

იქამდე გეტყვით, რომ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დირექტორთა კონკურსზე ბოლოს 28 ნოემბერს პარლამენტში, მინისტრის საათზე ისაუბრა. მინისტრის პოზიციაა, რომ დირექტორების შესარჩევი კონკურსი ობიექტურად ჩატარდა. იმ ადამიანებს კი, ვისაც ამ პროცესთან დაკავშირებით კრიტიკა აქვთ, ამილახვრის მტკიცებით, სამინისტროს წარმომადგენლები დეტალურად პასუხობენ.

რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასების, ამასთან დაკავშირებით მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ამილახვარი ხელფასების ზრდის გადავადებას იმით ხსნის, რომ იანვრიდან მხოლოდ 125 ლარით მომატება იყო დაგეგმილი, ივლისიდან კი “უპრეცედენტო ზრდა” იქნება და სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 500 ლარით გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი