ახალი ამბები

ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტქი+ თემის საჭიროებების არასახვა მათი გამოწვევების იგნორირებას ნიშნავს — “არა ფობიას”

15 ნოემბერი, 2023 • 767
ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტქი+ თემის საჭიროებების არასახვა მათი გამოწვევების იგნორირებას ნიშნავს — “არა ფობიას”

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველ ვერსიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასში ლგბტქი+ თემის საჭიროებები უგულებელყოფილია. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 15 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

პლატფორმის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მთავრობა გააკრიტიკეს ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებმა, თუმცა ხელისუფლებას ეს კრიტიკა არ გაუთვალისწინებია.

“სამოქალაქო პლატფორმის „არა-ფობიას!“ შეფასებით, სტრატეგიის მსგავსად, სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში ლგბტქი+ თემის საჭიროებების არასახვა ნიშნავს ცენტრალური პოლიტიკის დონეზე თემის წინაშე არსებული გამოწვევების იგნორირებას. მიუხედავად სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებისა, რომ მთავრობას სამოქმედო გეგმაში მაინც გაეთვალისწინებინა ლგბტქი+ თემი, მთავრობა კვლავ უგულებელყოფს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს.

აღნიშნული ეწინააღმდეგება არა მხოლოდ თანასწორობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, არამედ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც. კერძოდ, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში საქართველოზე ანგარიშში ევროპულმა კომისიამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია არ ეხება და არ ახსენებს ლგბტქი+ უფლებებს, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არ აღიარებულა და გააზრებულა ლგბქტი+ ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის სისტემური ხასიათი.

ევროპულმა კომისიამ მოუწოდა სახელმწიფოს, რომ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ლგბტქი+ ადამიანების უფლებებს”, — წერს “არა ფობიას”.

მათი განცხადებით, სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია ორგანიზაციებმა მთავრობასთან სამუშაო შეხვედრამდე დაახლოებით 1 დღით ადრე მიიღეს, რაც არ იყო საკმარისი დოკუმენტის დეტალურად გაცნობისა და სიღრმისეული შეფასებისთვის. გარდა ამისა, მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია სამუშაო გეგმაზე მუშაობის პროცესი, ვადები და ფორმატი.

“სამოქალაქო პლატფორმის „არა-ფობიას!“ პოზიციით, აუცილებელია სამოქმედო გეგმაში აისახოს ლგბტქი+ თემის საჭიროებები, რათა კიდევ უფრო არ დასუსტდეს თანასწორობის დაცვა, არ გაუარესდეს თემის მიმართ არსებული აგრესიული გარემო და ხელი არ შეეშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის პირველი, 3-წლიანი სამოქმედო გეგმა არის ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია.

ის გამომდინარეობს პირველი – 2014-2020 წლების სტრატეგიიდან და მისი ლოგიკური გაგრძელებაა. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების განმტკიცება. დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი