ახალი ამბები

„დაუსჯელობა ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს“ — „არა ფობიას“ ადიგენის მოვლენებზე

11 მარტი, 2024 • 785
„დაუსჯელობა ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს“  — „არა ფობიას“ ადიგენის მოვლენებზე

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ ეხმაურება 8 მარტს ადიგენში ადგილობრივი მუსლიმებისთვის ლოცვაში ხელშეშლის ფაქტს. კოალიციის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა ჯეროვნად — ვერც პრევენციის და ვერც რეაგირების ნაწილში.

„ვხედავთ, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოქმედებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე. ისინი ცდილობენ, რომ გამოკვეთონ მუსლიმი თემის თანაბარი ბრალეულობა და ვითარება წრამოაჩინონ პროვოკაციად/კონფლიქტად, რომლის სათავე თითქოს თავად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. სურათის ამგვარი წარმოჩენა და ვითარების „დაპირისპირებად“ ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის შესამცირებლად.

წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაუსჯელობა მხოლოდ ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს. აღნიშნულს ხელს უწყობს როგორც სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა, ისე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც დაარსებიდან, რელიგიის თავისუფლების დაცვის ნაცვლად, რელიგიური ინსტიტუციების კონტროლზეა ორიენტირებული“, — ვკითხულობთ პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არა ფობიას“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მომხდარი; საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, განცხადებები გააკეთონ თანამედროვე დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. კოალიცია მიმართავს მედიასაც, რომ დაიცვან მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპები ამგვარი საკითხების გაშუქებისას.


8 მარტს ადიგენში მუსლიმ თანამოქალაქეებს ლოცვაში ხელი შეუშალა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა. შემთხვევა მოქალაქე იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ შენობასთან მოხდა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი სალოცავად და სხვა რელიგიური რიტუალების შესასრულებლად იყენებს.

„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი“ ,– ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.

სახლის გარეთ ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაიგეთ მეტი:

მასალების გადაბეჭდვის წესი