ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საერთაშორისო საზოგადოების როლი სომხეთის უსაფრთხოებაში

22 ოქტომბერი, 2023 • 1620
საერთაშორისო საზოგადოების როლი სომხეთის უსაფრთხოებაში

ავტორი: კონსტანტინე ღაზარიანი, ერევანი


საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მოლაპარაკებათა ფორმატები: ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად არის საჭირო. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით მშვიდი სიტუაციის, მოსკოვისა და ბრიუსელის მიერ სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე საუბრის მიუხედავად, არსებობს რიგი წინააღმდეგობები, რომელიც ორივე მხარემ უნდა გადალახოს. 

ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, როგორც ახალი ომისგან დაცვითი მექანიზმი 

როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოები მოქმედებენ პრინციპით “დანახარჯები – მოგებებები”, ამიტომაც ომის ან მშვიდობის საკითხს რაციონალური შემადგენელი აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ურეაქციობა მთიან ყარაბაღში ნაწილობრივ მოსალოდნელი იყო. საერთაშორისო საზოგადოება ხომ სხვა არაფერია, გარდა 200-მდე სახელმწიფოსი და 200-მდე სხვადასხვა ინტერესისა. 

ამის მიუხედავად, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ერთ საკითხში თანხმდება. ქვეყნების უმრავლესობა თვითგამორკვევის უფლების პრინციპს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ამჯობინებს. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამართალში ორივე პრინციპი ერთნაირად მნივნელოვანია, პრიორიტეტის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე ხდება: სახელმწიფოების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რადგანაც თავად უფრთხიან საკუთარ ქვეყანაში სეპარატიზმს. საერთაშორისო საზოგადოება დე ფაქტო უგულებელყოფს და პოლიტიზირებს ერების უფლებას თვითგამორკვევაზე. 

საერთაშორისო საზოგადოების მიერ ტერიტორიული მთლიანობისთვის უპირატესობის მინიჭება, ფაქტიურად, ყოველთვის ნიშნავდა იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ საერთაშორისო საზოგადოება შეეგუება აზერბაიჯანის მხრიდან აგრესიას. თუმცა, თუ მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპმა სომხეთის ინტერესების წინაააღმდეგ იმუშავა, სომხეთის ტერიტორიებზე აზერბაიჯანის პრეტენზიების შემთხვევაში ეს პრინციპი თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 

როგორ პრორუსული, ასევე პროდასავლური ფრთა სომხეთის დისკურსისა ილუზორულია, თუ ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყანას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. 2020 წლის ომის შემდეგ არცერთი ქვეყანა არ ყოფილა დაინტერესებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სერიოზულად გადაჭრაზე. მეტიც, მთიანი ყარაბაღი განიხილებოდა ერთგვარ ბალასტად, რომელიც ხელ-ფეხს უკრავდა ყველა მხარეს. 

იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი დროდადრო ავლენს აგრესიულ რიტორიკას და პრეტენზიას აცხადებს ე.წ. მეღრის დერეფანზე, ვფიქრობ, აზერბაიჯანისთვის ომის რისკი საკმაოდ მაღალია. აქ კი მთავარ ფაქტორად ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოების პოზიცია გვევლინება.

გაეროს არსებობის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო არ ყოფილა რუკიდან წაშლილი ძალადობრივი გზით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა მთლიანი სახელმწიფოს ოკუპაციას – ეს იყო ერაყის შეჭრა ქუვეითში. ამან ერაყის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების გამათავისუფლებელი ომი გამოიწვია. თურქეთის მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია კი უფრო ისტორიულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. 

შესაძლო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გარდა, მსოფლიო საზოგადოებას აღელვებს მხოლოდ ერთი რამ: ტერიტორიული მთლიანობის უხეშმა დარღვევამ შეიძლება დომინოს ეფექტი გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ომების გაჩაღებას მსოფლიოს არასტაბილურ რეგიონებში. უფრო ძლიერი სახელმწიფოები დაიწყებენ უფრო მცირეებზე თავდასხმას. ეს არ არის ერთადერთი, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ დაგმეს უკრაინის ომის დროს რუსული აგრესია არადასავლეთის სახელმწიფოებმაც. რუსეთის ტრადიციულად მეგობარმა ქვეყნებმაც კი დიპლომატიურად აღიარეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ასე რომ, აზერბაიჯანს მშვენივრად ესმის ახალი ომის საფრთხე.

ახალი გარიგებები შეიარაღებებზე, გაეროს უშიშროების საბჭოს პოზიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია -უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებებს მთიან ყარაბაღზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაზრდას და საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის გაყიდვას, აზერბაიჯანისთვის გაფრთხილების ეფექტი აქვს. გაეროს უშიშროების საბჭოში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ხაზგსმული იყო საფრანგეთის, გერმანიის, კერძოდ კი, ევროკავშირის მიერ. საფრანგეთმა ხაზი გაუსვა სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის შესაძლო პრეტენზიების საფრთხესაც.

საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა სხვა ქვეყნებისთვის საბაბია, სომხეთთან შეიარაღების მიწოდებაზე გარიგებები გააფორმონ. ამ კონტექტსში უნდა განვიხილოთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ზრდა და ვაიოც-ძორში ცენტრის შექმნაც. მხოლოდ ევროკავშირის მისია არაა საკმარისი, ის არაა უსაფრთხოების გარანტია, თუმცა, ისიც საჭიროა და მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთო კონსტრუქციაში. უსაფრთხოების პოლიტიკა არასოდეს შედგება ერთი კომპონენტისგან, ის არის სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობა: სადამკვირვებლო მისია, რეგიონული პროექტები, მაგალითად, სომხეთსა და ირანს შორის, კონსტრუქციული მოლაპარაკებათა ფორმატები, შეიარაღების შესყიდვა და არმიის ბრძოლისუნარიანობა. 

ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, აზერბაიჯანისთვის ომის სარგებელი ნაკლებია. რაღაც კუთხით ეს მაღალრისკიანი თამაშიცაა აზერბაიჯანისთვის, რადგან მისი შედეგი არ არის ცხადი. სომხეთთან ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში, ვფიქრობ, სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ სავსებით რეალურია, არა ჰუმანური, არამედ რაციონალური მოსაზრებით –  ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დასაცავად და არა პრეცედენტების შესაქმნელად. 

სომხეთი ამჯობინებს საერთაშორისო მოლაპაკებათა ფორმატს, აზერბაიჯანი – რეგიონულს

მოლაპარაკებები, მით უფრო, მოლაპარაკებათა ფორმატები, შესაძლო მშვიდობის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი პირობებია. სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების რეალური გარანტიების, შუამავლების ან საკუთარი შეიარაღებული ძალების გარეშე, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დაირღვეს. 

მოლარაკებათა ფორმატების აზერბაიჯანის არჩევანი აჩვენებს, თუ ვის მიიჩნევს აზერბაიჯანი უფრო პროსომხურ ან პროაზერბაიჯანულ მხარედ. უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ, აზერბაიჯანი ცდილობს დასავლეთის მოლაპარაკებათა ფორმატებისა საბოტაჟს, მაგალითად, გრანადასა და ბრიუსელში – და არ მონაწილეობს მათში. ამავე დროს, აზერბაიჯანი ადანაშაულებს სომხეთს რუსეთის ეგიდით გამართულ მოლაპარაკებათა საბოტაჟში. დღეს აზერბაიჯანი ცდილობს შეაკავოს საერთაშორისო მოლაპარაკებები და შეინარჩუნოს ისინი რეგიონულ მასშტაბში, ვინაიდან ისეთი რეგიონული მოთამაშეები, როგორებიც არიან რუსეთი და თურქეთი, პროაზერბაიჯანულ პოზიციას იკავებენ, იმ დროს, როდესაც საერთშორისო დასავლური ფორმატები ცალხსახად უარყოფენ მეღრის დერეფანს. სწორედ ეს საერთაშორისო ფორმატებია სომხეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად სასურველია ფორმატი რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი, სადაც აზერბაიჯანს რუსეთის კარტ-ბლანშის წყალობითა და თურქეთის მხარდაჭერით მაქსიმალური დათმობების მიღწევა შეუძლია. 

ფორმატი  “3+3”, რომელშიც მოიაზრება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და თურქეთი, ასევე არ შეესაბამება სომხეთის ინტერესებს. თუმცა, სომხეთმა მონაწილეობა მიიღო [საქართველომ უარი თქვა] მოლაპარაკებებში სამი მიზეზით: პირველ რიგში, იმიტომ, რომ სომხეთი ცდილობს, არ მიცეს აზერბაიჯანს საბაბი შემდგომი ესკალაციისთვის, მეორე – ირანთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და მესამე – სომხეთი იმედოვნებს, რომ ირანი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაასუსტებს ან გაანეიტრალებს რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს მეღრის დერეფნის საკითხში. 

ამჟამინდელი სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, რომელსაც აზერბაიჯანი 32 წლის განმავლობაში უწევდა პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა რეგიონში აზერბაიჯანის ახალი ამბიციების რეალიზაციის გზაზე, ვინაიდან საერთაშორისო საზოგადოებას არ სჭირდება პრეცედენტი. 


მასალების გადაბეჭდვის წესი