ახალი ამბები

ილია II: გინტურისთვის ზურგში ნასროლი 2 ტყვია ოკუპანტების დანაშაული და სირცხვილია

8 ნოემბერი, 2023 • 1116
ილია II: გინტურისთვის ზურგში ნასროლი 2 ტყვია ოკუპანტების დანაშაული და სირცხვილია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თამაზ გინტურის მკვლელობის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია“, — აცხადებს ილია მეორე.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

რაც შეეხება სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძარს, ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) „ნეტგაზეთან“ ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი