პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აწ გარდაცვლილ კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ანდერძი არ დაუტოვებია.

ზვიადაძის თქმით, ანდერძის საჭიროება არ არსებობდა, რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოაცხადა თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

“შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რამდენადაც ეს ჩემთვის არის ცნობილი, არანაირი ანდერძი, ბუნებრივია, არ არსებობს და ვერ იარსებებს, რადგან პატრიარქმა, მთელ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ავტორირეტის მქონე საეკლესიო მოღვაწემ, ილია მეორემ გადაწყვიტა, თავის სიცოცხლეში თავად გამოეცხადებინა – წერილობითაც და სიტყვიერადაც – რომ მეუფე შიო ყოფილიყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

[…] სინოდს აუცილებლად ეცოდინებოდა [ანდერძის არსებობის შესახებ] – წმინდა სინოდის სხდომაზე ამას აუცილებლად იტყოდა. ანდერძი, ბუნებრივია, არ არსებობს. ამის საჭორება არ იყო, საერთოდ”, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

როგორ ირჩევენ ახალ პატრიარქს?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება არეგულირებს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცედურას.

პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვა დროებით გადადის მოსაყდრის ხელში. ვინ არის მოსაყდრე? მას ან პატრიარქი ასახელებს ანდერძით, ან (ანდერძის არარსებობის შემთხვევაში) ასაკით უხუცესი მღვდელმთავარი ხდება მოსაყდრე. 2017 წელს ილია მეორემ საგანგებო განჩინებით მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დანიშნა. მოსაყდრე ვალდებულია პატრიარქის ტახტის გამოთავისუფლებიდან არაუადრეს 40 დღისა და არაუგვიანეს 6 თვისა მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელსაც „ადგილობრივი კრება“ ეწოდება.

სანამ უშუალოდ გაფართოებული კრება შედგება, იკრიბება წმინდა სინოდი. სინოდი ირჩევს პატრიარქობის 3 კანდიდატს, რომელთა შორისაც ჩატარდება მთავარი არჩევნები. კანდიდატი უნდა იყოს:

  • საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი
  • ეთნიკური ქართველი
  • ბერი
  • ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება
  • სამწყსო მოღვაწეობის გამოცდილება
  • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა

კანდიდატების შერჩევისას ხმის უფლება აქვთ მხოლოდ სინოდის წევრებს (მღვდელმთავრებს).

ადგილობრივი კრება არის ეკლესიის მართვის უმაღლესი ორგანო, სადაც ხდება უშუალოდ პატრიარქის არჩევა. კრებაში მონაწილეობენ:

  • წმინდა სინოდის წევრები (ეპისკოპოსები)

  • სამღვდელოების წარმომადგენლები

  • ბერ-მონაზვნობის წარმომადგენლები

  • ერისკაცები (მრევლის წარმომადგენლები)

უფრო კონკრეტულად: “ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირი, თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატი, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან – 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან”.

კრება სინოდის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან ფარული კენჭისყრით ირჩევს ერთს. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მხოლოდ სინოდის წევრები ანუ მღვდელმთავრები მონაწილეობენ. კრების სხვა მონაწილეებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება, თუმცა მღვდელმთავრებისაგან განსხვავებით ახალ პატრიარქს ვერ აირჩევენ.

პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს.

არჩევის შემდეგ იმართება ინტრონიზაცია (აღსაყდრება), რის შემდეგაც ახალი პატრიარქი ოფიციალურად იკავებს ტახტს.