ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას

3 ნოემბერი, 2023 • 6190
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილების შეტანის თაობაზე, იტყობინება მისი პრესსამსახური.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე, უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ცვლილებების დაჩქარებულად მიღების არგუმენტად მმართველ პარტიაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ასახელებდნენ. თუმცა მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი არა ევრორეკომენდაციის შესრულება, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯია.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიასთან კონსულტაციები ნამდვილად ჰქონდა მანამ, სანამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს წარადგენდა.

ამის შესახებ განცხადება “ნეტგაზეთს” ევროკავშირის წარმომადგენლობამ 26 ოქტომბერს მისწერა.

“ნეტგაზეთმა” მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკომისიას ერთი კვირის წინ მიმართა. შეკითხვის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ  “უხამსობის” ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და არ არსებობს მისი რეგულირების საჭიროება დირექტივის მიხედვით.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ დიალოგი გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან მის გამოყენებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი