საზოგადოება

“ოცნება” მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებებს ევროკომისიას აბრალებს

19 ოქტომბერი, 2023 • 1146
“ოცნება” მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებებს ევროკომისიას აბრალებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

საუბარია კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (კომკომი) გაასაჩივრონ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაუწყებლის ეთერში სიძულვილის ენის ან ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გადაცემას. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას ცნობილი გახდა, რომ ინიცირებული ვერსიისგან განსხვავებით, ამავე კომისიის მხრიდან რეგულირების სფეროს უხამსობაც დაექვემდებარება.

კომიტეტის სხდომა დღეს, 19 ოქტომბერს, დილით გაიმართა. სხდომას, უმრავლესობის წევრების გარდა, ოპოზიციიდან „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია და „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელი მამუკა ანდღულაძე და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) წარმომადგენელი მარი კაპანაძე.

რა კითხვები ჰქონდათ NGO-ებსა და ოპოზიციას

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისგან, დავით სონღულაშვილისგან მოითხოვდნენ, პასუხი გაეცა, რამ განაპირობა ცვლილებების მიღება, თანაც, დაჩქარებული წესით.

ამასთან, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ დავით სონღულაშვილს სთხოვა, კონკრეტული მაგალითი დაესახელებინა, თუ რა შეიცვლებოდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ.

„ბერკეტი, რომელიც აქამდე არ ჰქონდა სახელმწიფო უწყებას ანუ მარეგულირებელ კომისიას, ახლა ეძლევა და თუ დაინახა სიძულვილის ენა და ისეთი რამ, რაც არ მოეწონა მედიაში, მისი დაჯარიმების და რეპრესირების მექანიზმი [უჩნდება]. მე მაინტერესებს, რამ განაპირობა ეს ცვლილება, შეგიძლიათ გვითხრათ მაგალითი? რა არ იქნება ამის შემდეგ ქართულ მედიაში? მაგალითი, [რომ გვითხრათ] ასეთი იყო ამ არხზე, ეს გავიდა და აი, ეს არ გავა და აი, ეს გავა… მე ვიღაც რომ არ მომეწონოს და ჩემს ტელევიზიაში გავაკრიტიკო და ვთქვა, რომ ცუდი კაცია, მან რომ მიჩივლოს, სად გადის ის ზღვარი, რომ არ მოხდება მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა? მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ არც სასამართლოს ვენდობით და არც ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებობს ეს ნდობა.

მე კი ვიცი, რომ თქვენ ამას სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით აკეთებთ, მაგრამ თქვენი ლეგიტიმაცია რა არის? რა იყო დღეს თქვენთვის მიუღებელი, რომელიც კონკრეტულად აიკრძალება და ამის შემდეგ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ?“- ჰკითხა იაგო ხვიჩიამ დავით სონღულაშვილს.

ხატია დეკანოიძემ ყურადღება უხამსობის ნაწილზე გაამახვილა და დავით სონღულაშვილს სთხოვა, რომ ცვლილებები დაჩქარებულად არ მიიღონ და ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე, 8 ნოემბრამდე, დრო კონსულტაციებისთვის გამოიყენონ.

„ევროკომისიის დასკვნამდე გვაქვს დრო და ხომ არ სჯობს, რომ უხამსობის ნაწილში მეტი კონსულტაციები გავიაროთ? მაგალითად, ვინ ადგენს, რა არის უხამსობა? ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან ცხარე კამათი, მათ შორის ტელევიზიებით. მეც მომისმენია ჩემზე ძალიან ბევრი არაეთიკური გამოსვლა… ეს რეგულაციები უნდა განმარტოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კონსულტაციებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა მედიაკოალიციის წარმომადგენელს, მამუკა ანდღულაძესაც. მან დავით სონღულაშვილს ჰკითხა, ვისთან გაიარა კონსულტაციები ცვლილებების მომზადებამდე.

ამასთან, მამუკა ანდღულაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ყოველთვის ხდება ან საერთაშორისო ვალდებულებებზე აპელირება, ან სხვა ქვეყანაში არსებული კონტექსტური სტანდარტის ისე გადმოღება, რომ არ ითვალისწინებენ ქვეყნის ვალდებულებებს, დირექტივის ბუნებას და ა.შ.

„დირექტივაში არის აღნიშნული და ევროსაბჭოს ექსპერტიც [ამბობს], რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მედიასთან დაკავშირებით მიიღება, მათთან [მედია] ჩართულობით უნდა მოხდეს. ფუნდამენტური ცვლილების მიღებას გეგმავთ, პირველი მოსმენით მიიღეთ და თავიდან უხამსობა საერთოდ არ იყო. იმდენად ფუნდამენტურ ცვლილებას ახორციელებს პარლამენტი, რომ მე ვფიქრობ, საზოგადოებას დამატებით სჭირდება საუბარი, მით უმეტეს, თუ უხამსობაზე იყო საუბარი, პირველ ვერსიაში საერთოდ რატომ არ იყო?

ასე ცალსახად ხდება ყოველთვის ევროკავშირზე აპელირება, როცა იგივე დირექტივაში წერია, რომ ფართო კონსენსუსი არის საჭირო. კი ბატონო, სიძულვილის ენის რეგულაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებობს, არის დირექტივა, მაგრამ დირექტივა გვეუბნება, რომ მიზნები და ამოცანები მნიშვნელოვანია და თანარეგულირებასაც აღიარებს[…] რომელ მედიასაშუალებებთან და ვისთან გქონდათ კონსულტაცია, როდესაც მსგავსი ცვლილებები ხორციელდებოდა, და ინკლუზიური იყო თუ არა ეს პროცესი? ეს პროცესი არ არის ინკლუზიური, ამაზე საუბრობს დირექტივაც და ამაზე იყო საუბარი ევროსაბჭოს დასკვნაშიც, რომ გაიმართოს საფუძვლიანი კონსულტაციები“, – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

მამუკა ანდღულაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან ეს ფუნდამენტური საკითხია.

„ჩვენ ვანიჭებთ დამატებით უფლებამოსილებას უწყებას [მარეგულირებელ კომისიას], რომლის მიმართ არის კითხვები. ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტიც ამ კითხვას სვამს, რომ ეს უწყება ახლა ინსტიტუციურად ისე არის მოწყობილი, რომ ფუნდამენტურ პრობლემებს ქმნის. ამ უწყებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც დადის გადაცემაში, სადაც კონსპირაციების თეორიებს ავრცელებს, მაგალითად, უცნობის გადაცემაში. ამ უწყების ხელმძღვანელმა მერე უნდა დაარეგულიროს საკითხი? გაითვალისწინეთ თუ არა ამ უწყებასთან დაკავშირებული საკითხები?

უხამსობასთან დაკავშირებით როდის და რა შეიცვალა? გქონდათ თუ არა მედიასთან კომუნიკაცია და მიხვედით ამ დასკვნამდე?“ – იკითხა მამუკა ანდღულაძემ.

GDI-ის წარმომადგენლის, მარი კაპანაძის განცხადებით, ცვლილებებით კომუნიკაციების კომისიას, რომელსაც ისედაც ფართო მანდატი აქვს, კიდევ ერთი მანდატი ემატება, რითაც შესაძლებლობა ეძლევა, რომ მარტივად დაასანქციროს მედია.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა კომუნიკაციების კომისიის წარსულის მხრივ მძიმე გამოცდილება არსებობს.

„უხამსობის ნაწილში, ის რისკები, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე რეალიზებულია. რამდენიმე წლის წინ კომისიამ, ისე, რომ მას ამის მანდატი საკანონმდებლო დონეზე არ ჰქონდა, გამოიყენა ეს ჩანაწერი იმისთვის, რომ „მთავარი არხი“ ეცნო სამართალდამრღვევად ისეთი ტიპის გადაცემისთვის, რომელიც სრულად ექცეოდა პოლიტიკურ სატირაში.

რა ლეგიტიმაცია აქვს ამ საკითხს, საიდან გაჩნდა სურვილი და რით ამართლებთ თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადატანას?“, – განაცხადა GDI-ის წარმომადგენელმა მარი კაპანაძემ.

რას პასუხობს ცვლილებების ავტორი?

სადავო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს „შეუსაბამო“ და „უადგილო“ უწოდა.

სონღულაშვილის მტკიცებით, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. მისი თქმით, ვინმეს „დისკომფორტი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღება.

„დაჩქარებული წესით ამ კანონპროექტის მიღება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს ჩაითვალოს შესრულებულად, რადგან შემდეგ კვირაში უნდა გაიგზავნოს, თუ რა გვაქვს ამ პერიოდისთვის განხორციელებული, იმისთვის, რომ ევროკომისიამ იმსჯელოს და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, კანდიდატის სტატუსი მოგვცენ თუ არ მოგვცენ. თქვენ თუ იმას ამბობთ, რომ მე ასე ვიტყვი თუ ისე, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატის სტატუსიო, მინდა გითხრათ, რომ პროცესი არის ის, რასაც გვეუბნება ევროკომისია და იმას ვაკეთებთ, რასაც თვითონ გვეუბნებიან, რომ შესრულებულად ჩაითვალოს რეკომენდაცია და მოგვცენ კანდიდატის სტატუსი.

ამიტომ, თუ ვინმეს დისკომფორტი ექმნება ამაზე, მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო, რადგან ჩემთვის ვინმეს დისკომფორტი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კანდიდატის სტატუსი… მესმის თქვენი შფოთვა, თუმცა ის ტექსტები, რასაც თქვენ ამბობთ, აბსოლუტურად უადგილოა იმასთან მიმართებით, რაც ამის მიზეზია და რა შედეგიც ამას უნდა მოჰყვეს. კითხვები აბსოლუტურად შეუსაბამოა იმასთან, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

სონღულაშვილის მტკიცებით, ევროკავშირის მოთხოვნა იყო ისიც, რომ უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადასულიყო.

„სრულად გვქონდა გათვალისწინებული მედიაკოალიციის და მთელი სექტორის ის მოთხოვნები, რაც აწუხებდათ და ზუსტად ამიტომ იყო ამ ფორმით მიღებული. იმიტომ, რომ ეს არ ჩაგვითვალეს და კონკრეტული შესწორებები მოგვცეს, ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ასე მოხდა. ამიტომ, უხამსობაც რომ გადავიდა რეგულირებაში, ეს არის მოთხოვნა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

სონღულაშვილის თქმით, დეკემბერში მაუწყებლის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებზე ევროპის საბჭოსგან მიღებული რეკომენდაციები არ გამოადგათ, რადგან ევროკომისიამ, მათი გათვალისწინების მიუხედავად, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაუთვალა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მმართველი პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კრიტიკის მიუხედავად, მიიღო.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა ზუსტად ისევე, როგორც ახლა.

ცვლილებებს მაშინაც აკრიტიკებდნენ მედიის სფეროს წარმომადგენლები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები. 2022-ის დეკემბერში მათი მიღების შემდეგ, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე ნაწილი არ შეესაბამებოდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“.

მიმდინარე წლის ივნისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ  მათ მიერ მიღებულ სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებების ნაწილი გაეთვალისწინებინა და კანონში „არსებული ხარვეზები აღმოეფხვრა“.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებებით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კი კანონის სწორედ ამ ნაწილის გაუქმებას გულისხმობდა და სიძულვილის ენის რეგულირება კომუნიკაციების კომისიის საქმე აღარ უნდა ყოფილიყო.

თუმცა ახლა „ქართულმა ოცნებამ“ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების მექანიზმს ისევ აბრუნებს.

სონღულაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს რეკომენდაცია თანარეგულირებაზე ევროკომისიამ არასწორად ჩათვალა და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ან თვითრეგულირება ან რეგულირება უნდა ყოფილიყო.

„ევროპის საბჭოს ექსპერტები იმისთვის იყვნენ დაქირავებული, რომ ევროპის საბჭოს გაეწია შუამდგომლობა ევროკომისიასთან იმისთვის, რომ ეს დირექტივა შესრულებულად ჩათვლილიყო. შესაბამისად, მივიღეთ ის ცვლილებები, რაც ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ იყო გათვალისწინებული, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს. არაჩვეულებრივად იყო ყველაფერი გათვალისწინებული, წერტილ-მძიმის დონეზე, და მაშინ ძალიან კმაყოფილი იყავით იმ ცვლილებებით და პრობლემა არ გქონდათ. სამწუხაროდ, ეს დირექტივა არ ჩაითვალა შესრულებულად[…]

იმ ექსპერტის რეკომენდაციას ვერ მივიღებ, რომელმაც შეცდომაში შემიყვანა და მივიღეთ ცვლილებები, რომელიც განხორციელებულად არ ჩაგვითვალეს. კიდევ კარგი, დამატებითად არ გავითვალისწინეთ ევროპის საბჭოს ექსპერტის რეკომენდაცია, რადგან ფაქტობრივად ყველაფერი იყო შეცდომა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ოპოზიციამ მოითხოვა იმ წერილობითი  კომუნიკაციის გასაჯაროება, რაც სონღულაშვილს ევროკომისიასთან ჰქონდა ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, რისი პირობაც მმართველი გუნდის წევრმა დადო.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომელსაც ინიციირებული კანონპროექტისგან განსხვავებით, უხამსობის რეგულირება დაემატა.

კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 4-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტით, „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“.

ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა, გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს, რომლითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:

სადავო ცვლილებები სიძულვილის ენის რეგულირებაზე პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი