ახალი ამბები

მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნისთვის საბჭოს SJC-ც აკრიტიკებს

3 ნოემბერი, 2023 • 837
მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ არდანიშვნისთვის საბჭოს SJC-ც აკრიტიკებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძის თანამდებობაზე უვადოდ არდანიშვნა სასამართლო სისტემაში კრიტიკული აზრის სავარაუდო ჩახშობის საყურადღებო პრეცედენტია.

ორგანიზაციის განცხადებით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგაძისთვის უფლებამოსილების არგაგრძელებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან. ამავდროულად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ნინო გიორგაძის მიერ პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გახნიანებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი საყურადღებო პრეცედენტი დამატებით საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მათი გამოხატვის თავისუფლებას და შეუქცევად ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებულ ისედაც მწირ საზოგადოებრივ ნდობას.

მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭოს მოსამართლე და პარლამენტის მიერ ახლად არჩეული არამოსამართლე წევრების „ერთსულოვანი თანხმობა“ კი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, მკაფიოდ მიუთითებს საბჭოში კრიტიკული აზრის ნაკლებობაზეც.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, როგორც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე და, კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარებოდა საქმიანობის პერიოდულ შეფასებას საბჭოს წევრთა ნაწილის მხრიდან.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნიშანდობლივია, ნინო გიორგაძე ერთ-ერთი იყო მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელმაც ღიად გააპროტესტა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა საზოგადოების და თავად სასამართლო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე განიხილა და მან არსებითად გააუარესა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები:

„ამასთან, ნინო გიორგაძე იყო ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე პრეცედენტული გადაწყვეტილების ავტორი, რომელიც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და რომელზე დავასაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტების, სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებდა.

აღნიშნულ საქმეში სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნია და ბათილად ცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ეს პრაქტიკა, გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა:

„სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებით და ვრცლად ისაუბრა ამ პრინციპის როლზე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა. მოგვიანებით კი აღნიშნული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაჩქარებულ ვადებში და მოსარჩელეების ეთნიკურ წარმომავლობაზე ნეგატიური რეპლიკების ფონზე განიხილა და არსებითი, ხელშესახები დასაბუთების გარეშე გააუქმა“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტები და სასამართლო სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა არაფორმალური გავლენები, ჩაკეტილობა, განსხვავებული და კრიტიკული აზრის დევნა, საფუძვლიან კითხვებს აჩენს ნინო გიორგაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, დამატებით გასათვალისწინებელია პრაქტიკა, რომელიც უკავშირდება სამოსამართლო გამოცდილების არმქონე, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების, როგორც წესი, უვადოდ დანიშვნას და რომელზეც საბჭომ მოცემულ საქმეში უარი თქვა.

„სოციალური სამართლიანობის“ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტისა და კანდიდატების შეფასების საკანონმდებლო მოწესრიგების პრობლემურობას.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, თუკი კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი (საბჭოს 4 წევრი) მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, საბჭოს თავმჯდომარე ავტომატურად იღებს კანდიდატის უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვაზე უარის აქტს:

„იგივე შედეგი დგება, თუკი კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. თუკი მოსამართლე ამ აქტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრებს და საჩივარი არ დაკმაყოფილდება, საბჭოს ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება. დამატებით პრობლემურია ისიც, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მიერ წარდგენილი ამ საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს იმ წევრთა მონაწილეობას, რომლებიც თავად იყვნენ შემფასებლები (საბჭოს 3 მოსამართლე და 3 არამოსამართლე წევრი) და რომელთა მხრიდან კანონმდებლობის შესაძლო დარღვევაზეც საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იმსჯელოს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება უკვე წლებია საუბრობს, ზოგადად, ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესის საფრთხეებზე, საბჭოს ხელთ არსებულ კიდევ ერთი ძალაუფლების ბერკეტსა და ამ ძალაუფლების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პრობლემურობაზე. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, გამოსაცდელი ვადით მოსამართლეთა დანიშვნა კრიტიკულად ფასდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც:

„ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაციის გადაუდებელ აუცილებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 ნოემბრის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი საბჭოს 14-მა წევრმა. მათ შორის 5 მათგანი საქართველოს პარლამენტის მიერ უახლოეს წარსულში არჩეული არამოსამართლე წევრია. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე გასაუბრებების პროცესში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ აჩვენა მზაობა, პრინციპულები და კრიტიკულები ყოფილიყვნენ სასამართლოში არსებული გამოწვევების მიმართ.

მეტიც, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან დადებითად აფასებდა სასამართლოს და კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, ან/და არსებულ გამოწვევებად მხოლოდ ტექნიკურ-ლოჯისტიკურ და მეორადი მნიშვნელობის ადმინისტრირების საკითხებს ხედავდა. პარლამენტმა ხუთივე წევრი არა ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვისა და კონსენსუსის პირობებში, არამედ კულისებს მიღმა, ოპოზიციის ნაწილთან მიღწეული გარიგების შედეგად აირჩია“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით 2023 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს, რომ:

  • საქართველოს პარლამენტმა, განსაკუთრებით კი მმართველმა გუნდმა, ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრინციპული, კვალიფიციური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კადრებით შევსება, რაც მალევე აისახა ამ ინსტიტუტის საქმიანობაზე;
  • სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრი არათუ წახალისებული და მხარდაჭერილია, არამედ ის ნებისმიერი ფორმალური თუ ინსტიტუციური მექანიზმით დევნის საგანია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოსამართლეები კი სულ უფრო მეტად ხდებიან სისტემიდან განდევნის სუბიექტები.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი