ახალი ამბები

მოსამართლე ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას „სასამართლოს გუშაგი“ მის დასჯად აფასებს

2 ნოემბერი, 2023 • 1112
მოსამართლე ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას „სასამართლოს გუშაგი“ მის დასჯად აფასებს

„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ ნინო გიორგაძეს სამოსამართლო საქმიანობა შეუწყდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძეს უფლებამოსილება არ გაუგრძელა. როგორც მართლმსაჯულებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, გიორგაძე მოსამართლის უფლებამოსილებას სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებდა, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ კი უვადოდ თანამდებობაზე არ დაინიშნა:

„ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან ის იმყოფებოდა 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში, საბჭოს წევრებმა შეაფასეს მისი საქმიანობა. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, რომ ნინო გიორგაძემ აღნიშნული გაასაჩივრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა პირველ ნოემბერსვე გამართულ სხდომაზე საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად (თოთხმეტივე წევრმა) მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

როგორც „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, საბჭოს წევრების ამგვარი „ერთსულოვნება”, ტოვებს განცდას, რომ ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მისი დასჯაა იმის გამო, რომ სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის მიმართ „ლოიალურ“ მოსამართლედ არ მიიჩნევა:

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. თუმცა ნინო გიორგაძის შემთხვევაში საბჭომ სხვა გზა აირჩია“ ,– აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.

„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი