აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ახორციელებს პროგრამას “დიდი დაბრუნება”, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ქალაქებში ლაჩინი და ფიზული, ასევე სამ სოფელში, უკვე დაბრუნდნენ დევნილი მკვიდრები, 2026 წლის ბოლომდე კი იგეგმება 140 ათასზე მეტი ადამიანის დაბრუნება ყარაბაღსა და აღმოსავლეთ ზანგეზურში.
აზერბაიჯანის ოფიციალური ცნობითვე, სამი წლის წინ, ყარაბაღის 2020 წლის ომიდან მალევე, “აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები დაიწყო ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, რისთვისაც აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა. შემდეგ წელს კი 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა”.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.
19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.
ალიევმა 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი, 15 ოქტომბერს მოინახულა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ამავე დღეს, თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შუამავალი ცდილობდა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ეპოვა და “კონფლიქტი სამუდამოდ გაეყინა”.