ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა სტეპანაკერტში /ხანქენდში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

15 ოქტომბერი, 2023 • 1479
ალიევმა სტეპანაკერტში /ხანქენდში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე კვირის წინ დაკავებულ დედაქალაქ სტეპანაკერტში [ხანქენდში – აზერბაიჯანული სახელწოდება] აზერბაიჯანის დროშა აღმართა და ამ მოვლენას ისტორიული უწოდა.

ინფორმაციას შესაბამისი ფოტომასალით აზერბაიჯანული გამოცემა trend.az ავრცელებს.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი