ახალი ამბები

ბერაიამ ადამიანის ღირსების განადგურება პირადი ცხოვრების სპეკულაციებით სცადა — სამადაშვილი

1 ნოემბერი, 2023 • 1533
ბერაიამ ადამიანის ღირსების განადგურება პირადი ცხოვრების სპეკულაციებით სცადა — სამადაშვილი

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ პირადი ცხოვრების სპეკულაციებით ადამიანის ღირსების განადგურება სცადა.

გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა და მის მიმართ სექსისტური და ღირსების შემლახავი განცხადება გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა ოპოზიცია თანამდებობიდან მის გადაყენებას მოითხოვს.

„გუშინ აქ მოვიდა ორი დეპუტატი და წინასწარ დაწერილი ტექსტით მოახდინა არამხოლოდ შეურაცხყოფა, არა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც შენ ცდილობ, რომ ადამიანის ღირსება გაანადგურო მისი პირადი ცხოვრების სპეკულაციებით და ეს გააკეთა ბერაიამ გუშინ.

პირდაპირ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას. ამიტომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება არის ის, რომ მისი საქმე გადაეცეს პარლამენტის ეთიკის საბჭოს და შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი