“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიის კანდიდატებმა “ლელო” არჩევნების დღეს დატოვეს. სამადაშვილი ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და პირადად ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

“რამდენიმე საათის წინ, ერთბაშად დაიწყო რამდენიმე კანდიდატის მიერ, ზუსტად ერთი და იგივე ტექსტის, განცხადების გავრცელება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სუს ცდილობს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება დაადანაშაულოს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან რაიმე სახის კავშირში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სუს-ს:

დღეს, როდესაც ისედაც მოქცეული ხართ საერთაშორისო იზოლაციაში, დღეს, როდესაც არ გაქვთ ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მე ძალიან გირჩევდით, რომ საკუთარი თავი აბუჩად არ აიგდოთ ამ ბრალდებების შეკერვის მცდელობით. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნათელია ყველასთვის.

“ლელომ” მრავალჯერ და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად, ოღონდ შეიცვლება დიახ, სწორედ არჩევნების გზით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღეს, პროსახელისუფლებო “იმედმა” და “რუსთავი 2”-მა გაავრცელეს რამდენიმე ადამიანის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ იყვნენ “ლელოს” მაჟორიტარი კანდიდატები ამა თუ იმ სოფლიდან, მაგრამ არჩევნების დღეს პარტიის დატოვება გადაწყვიტეს.

მაგალითად, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებაში წაიკითხეს ერთმანეთის მსგავსი შინაარსის ტექსტი, რომლებიც, წამყვანის თქმით, “ლელოს” კანდიდატებმა, ლევან რევაზიშვილმა, დავით ნადირაშვილმა და ჩიორა გიგაურმა სოციალურ ქსელებით გავრცელეს. თუმცა, არ აჩვენეს ის გვერდები Facebook-ზე, სადაც ეს ტექსტები დაიწერა.

პროსახელისუფლებო მედიების მიერ დასახელებული რამდენიმე გვერდი საერთოდ არ იძებნება, ნაწილი კი ყალბი გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად, ტელეკომპანიის მიერ ქარელის მაჟორიტარად დასახელებული ჩიორა გიგაურის პოსტი, გამოქვეყნებულია გვერდზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის შექმნილი, 37 “მეგობარი” ჰყავს, რომელთა ვინაობა არ ჩანს, მხოლოდ 2 ფოტოა ატვირთული და სხვა არანაირი აქტივობა არ ფიქსირდება.

“რუსთავი 2-ზე გასული სიუჟეტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მე მათთვის არც ინტერვიუ მიმიცია და არც სურათი გადამიცია. ტექსტი ჩემი დაწერილი არ არის”, – ამბობს ნოდარ გიგაური, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქარელიდან.

“ლელო – ძლიერი” საქართველო არჩევნების დღემდეც არაერთმა კანდიდატმა დატოვა. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი სუს-ის ზეწოლის შედეგია.