აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა პროირანულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „313 Team“-მა აიღო. ჯგუფის განცხადებით, თავდასხმის მიზეზი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვა გახდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კიბერშეტევის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმა 100-ზე მეტ სახელმწიფო დომენს შეეხო.

„313 Team“-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობის შესახებ განცხადება საკუთარ Telegram-არხზე, არაბულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა. ჯგუფი ამტკიცებს, რომ ერაყის ტერიტორიიდან მოქმედებს.

ჰაკერების განცხადებით, მათ აზერბაიჯანის მთავრობის ციფრულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს.

„სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვის გამო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ მრავალი საჩივარი მივიღეთ. აზერბაიჯანში შიიტური თემის მნიშვნელოვანი რაოდენობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადამწყვეტ ზომებს მივიღებთ და მის სამთავრობო ციფრულ ინფრასტრუქტურას სრულად გავანადგურებთ“, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

„313 Team“-ის მტკიცებით, კიბერშეტევის ინტენსივობამ წამში 2,5 ტერაბიტს გადააჭარბა და 1 825 სახელმწიფო ვებგვერდის მუშაობა პარალიზებული იყო. ჯგუფის განცხადებაში ნახსენებია სახელმწიფო პორტალი და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ვებგვერდები. ეს მონაცემები ჯგუფის მტკიცებებია და აზერბაიჯანის ოფიციალურ უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სპეციალური კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადების თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევები 13 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, თავდასხმა უცხოურმა ჰაკერულმა ჯგუფმა განახორციელა და ის 100-ზე მეტ სახელმწიფო დომენს შეეხო. შედეგად, რამდენიმე სახელმწიფო უწყების ინტერნეტრესურსის მუშაობა შეფერხდა.

„განხორციელებული შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების შედეგად კიბერშეტევის გავლენა შეიზღუდა და ვებგვერდების უწყვეტი მუშაობა უზრუნველყოფილი გახდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. მასში თავდამსხმელთა ჯგუფი ან ქვეყანა დასახელებული არ არის.

ამასთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო საიტებზე დღესაც შეფერხებით მუშაობს.

კიბერშეტევა ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე

კიბერშეტევა აზერბაიჯანში სასკოლო ჩაცმულობის წესებთან დაკავშირებული დაპირისპირების ფონზე მოხდა. ახალი მოთხოვნების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს მორწმუნე მშობლებმა, გაიმართა საპროტესტო გამოსვლები და იყო დაკავებებიც.

აზერბაიჯანის მთავრობამ სასკოლო ჩაცმულობის მოთხოვნები 2026 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის დოკუმენტებში ჰიჯაბის პირდაპირი აკრძალვა არ წერია, ჰიჯაბიანი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა უკმაყოფილება გამოიწვია.

12 ოქტომბერს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით 37 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მედიაში ბაქოში უფრო მასშტაბური დაკავებების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია.

როგორც Meydan TV წერს, დაძაბულობა ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის პრესის საბჭომ 14 ოქტომბერს ირანული ტელეარხი „საჰარი“ საპროტესტო გამოსვლების შესახებ არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში დაადანაშაულა. საბჭოს მტკიცებით, ტელეარხმა თურქეთში გამართული ღონისძიების კადრები აზერბაიჯანში ჰიჯაბის მხარდამჭერ აქციად წარმოაჩინა.

აზერბაიჯანის პრესის საბჭო ასევე ამტკიცებდა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები განსაკუთრებით ირანიდან და თურქეთიდან აქტიურდებოდა.

აზერბაიჯანში ჰიჯაბის შეზღუდვის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ ორ კაცი დააპატიმრეს