ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” გოგა რაზმაძის მონათხრობი

1 ნოემბერი, 2023 • 819
ომბუდსმენის თქმით, შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” გოგა რაზმაძის მონათხრობი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენი ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს.

“სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა.

ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.

ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ერთ-ერთი, ვისაც რაზმაძე დისკრიმინაციასა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე იყო. გოგა რაზმაძის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა მისი საქმის შესწავლა სწორედ დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.

“ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ “ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.” ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს “მჭიდრო თანამშრომლობის” საუკეთესო მაგალითი”, – წერს რაზმაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

მისი თქმით, სახალხო დამცველს შეხვედრა გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სთხოვა. რაზმაძე ამბობს, რომ ლევან იოსელიანმა ვერც ამ პერიოდში და ვერც ფაქტის გასაჯაროებისა და მის მიერ საქმის მოკვლევის შემდეგ “ვერ მოიცალა”.

რაზმაძის თქმით, სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა მისი არცერთი მოთხოვნა თუ შუამდგომლობა, არ გამოკითხა მის მიერ მოწმედ მითითებული პირები და არ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

რაზმაძის თქმით, განმცხადებლის მიერ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. ამ შემთხვევაში კი სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი მას, განმცხადებელს დააკისრა.

“სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს”, – წერს რაზმაძე.

გოგა რაზმაძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობისას მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯარო განცხადება 12 ივლისს გამოაქვეყნა. მან რეპრესიულ მიდგომებში დაადანაშაულა მისი უშუალო უფროსი, გიორგი ოსაძე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

დარახველიძე რაზმაძეს იმავე დღეს გამოეხმაურა და თანამშრომლის განცხადებას “სრული ტყუილი და აბსურდი” უწოდა. დარახველიძემ განაცხადა, რომ რაზმაძის მონაყოლი მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

ამ ამბავზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა, მალევე უწყებამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საქმე გამოსაძიებლად ისევ შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადააბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი