ახალი ამბები

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, შსს-ს გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა – საია

26 დეკემბერი, 2023 • 901
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, შსს-ს გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა – საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დროებითი განკარგულება გამოსცა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აუკრძალა, გათავისუფლებული თანამშრომლის, გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირი დანიშნოს. ამ ინფორმაციას რაზმაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

გოგა რაზმაძე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. რაზმაძის გათავისუფლების შესახებ დასკვნა უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოამზადა. იქამდე, თვეების განმავლობაში, რაზმაძე სწორედ გენერალური ინსპექციის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობასა და რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდა. ამის შემდეგ რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამსახურში აღდგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

გარდა ამისა, რაზმაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოში რაზმაძის ინტერესებს საია იცავს.

“წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში; მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა) მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება) ერთობლიობაში; მე-8 მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი