ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ომბუდსმენმა ჩემი საქმის წარმოება შეწყვიტა – გოგა რაზმაძე

30 ოქტომბერი, 2023 • 1764
ომბუდსმენმა ჩემი საქმის წარმოება შეწყვიტა – გოგა რაზმაძე

შსს-ს თანამშრომელი გოგა რაზმაძე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობდა, აცხადებს, რომ სახალხო დამცველმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა.

ერთ-ერთი, ვისაც რაზმაძე დისკრიმინაციას და ღირსების შელახვაში ადანაშაულებდა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე იყო. მისი ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა მისი საქმის შესწავლა სწორედ დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა.

“ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ “ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.” ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს “მჭიდრო თანამშრომლობის” საუკეთესო მაგალითი”, – წერს რაზმაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

მისი თქმით, სახალხო დამცველს შეხვედრა გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სთხოვა. რაზმაძე ამბობს, რომ ლევან იოსელიანმა ვერც ამ პერიოდში და ვერც ფაქტის გასაჯაროებისა და მის მიერ საქმის მოკვლევის შემდეგ “ვერ მოიცალა”.

რაზმაძის თქმით, სახალხო დამცველმა არ დააკმაყოფილა მისი არცერთი მოთხოვნა თუ შუამდგომლობა, არ გამოკითხა მის მიერ მოწმედ მითითებული პირები და არ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

რაზმაძის თქმით, განმცხადებლის მიერ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. ამ შემთხვევაში კი სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი მას, განმცხადებელს დააკისრა.

“სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს”, – წერს რაზმაძე.
ნეტგაზეთი ელოდება პასუხს სახალხო დამცველის აპარატისგან.

გოგა რაზმაძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობისას მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯარო განცხადება 12 ივლისს გამოაქვეყნა. მან რეპრესიულ მიდგომებში დაადანაშაულა მისი უშუალო უფროსი, გიორგი ოსაძე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

დარახველიძე რაზმაძეს იმავე დღეს გამოეხმაურა და თანამშრომლის განცხადებას “სრული ტყუილი და აბსურდი” უწოდა. დარახველიძემ განაცხადა, რომ რაზმაძის მონაყოლი მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

ამ ამბავზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა, მალევე უწყებამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საქმე გამოსაძიებლად ისევ შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადააბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი