ახალი ამბები

შსს-ს გენინსპქციის წინააღმდეგ საქმე რეაგირებისთვის თავად გენინსპექციაში გადაიგზავნა

28 ივლისი, 2023 • 3601
შსს-ს გენინსპქციის წინააღმდეგ საქმე რეაგირებისთვის თავად გენინსპექციაში გადაიგზავნა

საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს თანამშრომელ გოგა რაზმაძის საქმეზე გამოძიება არ დაიწყო და მისი განცხადება რეაგირებისთვის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსთან გააგზავნა, ანუ  უწყებაში, რომელსაც განმცხადებელი დისკრიმინაციას ედავება.

რა ხდება?

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა განსხვავებული მოსაზრებების და კრიტიკის დაფიქსირების გამო. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას.

რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, რომლის კურატორად დანიშვნის შემდეგაც შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენტისთვის მეილი გაეგზავნა.

„11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მან „საქმე გამირჩია“ იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“, — დაწერა გოგა რაზმაძემ Facebook-ში 12 ივლისს.

მან საჯაროდ და წერილობითაც მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით და თქვა, რომ მზად იყო, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მის მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. რაზმაძემ ასევე მიმართა სახალხო დამცველს.

საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, გოგა რაზმაძის მიერ განცხადებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, არ გამოიკვეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულის ნიშნები.

საგამოძიებო სამსახურის წერილის თანახმად, გოგა რაზმაძემ არ ისურვა მისივე განცხადებაში მოყვანილი გარემოებების დაზუსტება და გამომძიებელთან გასაუბრება.

„ვინაიდან განცხადება შეიძლება შეიცავდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებს, თქვენი განცხადება რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს“, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის 25 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც გოგა რაზმაძემ გამოაქვეყნა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს წერილის ნამდვილობა და ის, რომ გოგა რაზმაძემ გამოკითხვაზე უარი თქვა.

რაზმაძის პოზიცია

გოგა რაზმაძის განმარტებით, მან უარი თქვა უკანონო „საგამოძიებო მოქმედებაში” მონაწილეობაზე. კერძოდ, განცხადების შეტანიდან 4 დღის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი და სთხოვა საგამოძიებო ორგანოში მისვლა, რაც მეორე დღესვე გააკეთა. შეხვედრაზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ფაქტზე არ იყო დაწყებული და დაბარების მიზეზი იყო მასთან გასაუბრება, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ოქმით. რაზმაძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყებამდე დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის გამოკითხვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს, ამიტომ უარი განაცხადა წერილობითი ინფორმაციის მიწოდებაზე.

„სამსახურის წარმომადგენელს განვუმარტე, რომ ჩემ მიერ წერილობით განცხადებაში მითითებული გარემოებები შეიცავდა საკმარისზე მეტ დანაშაულ(ებ)ის ნიშნებს და იყო აბსოლუტურად საკმარისი საფუძველი გამოძიების დასაწყებად“, — აცხადებს რაზმაძე და დასძენს, რომ ითხოვა გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად და მზად იყო, ამის შემდეგ ეთანამშრომლა გამოძიებასთან.

„ჩემი განცხადება, რომელშიც აღწერილი მაქვს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის მოადგილის მიერ ჩემ მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულ(ებ)ი), რეაგირებისთვის გააგზავნა ამავე დანაყოფში — შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. ალბათ, ისევ მინდიაშვილმა უნდა დამიბაროს ახლა გენერალურ ინსპექციაში, ამჯერად წინ ედება მისი უკანონო ქმედებების შესახებ ჩემი დაწერილი განცხადება (რომელიც მის ხელში არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო) და დამამცირებელი მოპყრობის ახალი სერია მელოდება წინ“, — აცხადებს რაზმაძე.

გოგა რაზმაძის თქმით, ის გააგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით. რაზმაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

განახლება 17:30 – გოგა რაზმაძის განცხადებას გამოეხმუარა საგამოძიებო სამსახურიც. უწყების თანახმად, შემოსულ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაბარებულ იქნა გოგა რაზმაძე, რომელმაც უწყებაში, ადვოკატთან ერთად გამოცხადებისას, განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

სამსახურის ცნობით, განმცხადებელთან გასაუბრება მიღებული პრაქტიკაა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში და ეს პროცესი განმცხადებელთან გასაუბრების გარდა არ შემოიფარგლება სხვა რაიმე მოქმედებით.

“განმცხადებელთან გასაუბრება კი ემსახურება იმ სამართლებრივ მიზნებს, რომ გონივრულ დროში მისი უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამომძიებელმა სწორად შეაფასოს შესაძლო დანაშაული, სწორად იქნას განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაცია და საგამოძიებო ქვემდებარეობა”.

“ვინაიდან განცხადება შეიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გოგა რაზმაძის მიმართ შესაძლო არაეთიკური და დისციპლინური გადაცდომების ნიშნებს, იგი არა დანაშაულზე რეაგირების, არამედ სწორედ დისციპლინური წარმოების ფარგლებში გადაეგზავნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს, რომელიც კანონით ერთადერთი უფლებამოსილი უწყებაა, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო არაეთიკური, დისციპლინური გადაცდომები”, – აცხადებენ სამსახურში.

ამ თემაზე:

შსს-ს თანამშრომელი ხელმძღვანელობას ღირსების შელახვასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

“სრული ტყუილი და აბსურდი” – მინისტრის მოადგილე შსს-ს ინსპექტორის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი