ახალი ამბები

შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

12 ნოემბერი, 2023 • 1813
შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე ამბობს, რომ უწყებიდან მის გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთს” დღეს, 12 ნოემბერს განუცხადა.

რაზმაძისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი 10 ნოემბერს, საღამოს გახდა. რამდენიმე თვით ადრე რაზმაძე თავის ხელმძღვანელობას დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

როგორც შსს-ს ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, გათავისუფლების გარდა ის აპირებს კიდევ ორი მიმართულებით დაიწყოს სამართალწარმოება შსს-ს წინააღმდეგ:

“გავასაჩივრებ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა სამართალწარმოებები მაქვს: დისკრიმინაცია, გამოძიების არდაწყება და ახლა მესამე დაემატა სამსახურიდან გათავისუფლება. სამი სხვადასხვა სამართალწარმოების მიმართულებით ვმუშაობ და სამივე მიმართულებით ყველა ინსტანციას ამოვწურავ”, — ამბობს ის და აზუსტებს, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ შემდეგ კვირას ექნება.

ის იხსენებს, რომ 2018 წელს დეპარტამენტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რომელშიც ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, სწორედ დისკრიმინაციული შემთხვევების მონიტორინგი იყო, წელს კი, როგორც ამბობს, თავად გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი:

“თუმცა, სამწუხაროდ მე არ გახლავართ სისტემის პირველი მსხვერპლი და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყო ჩემი პრობლემები, რადგან მე თითოეულ ამ შემახვევას ვაპროტესტებდი კონკრეტულ თანამშრომლებთან ერთად”, — ამბობს ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

რა ხდებოდა მანამდე

გოგა რაზმაძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობისას მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯარო განცხადება 12 ივლისს გამოაქვეყნა.

მან რეპრესიულ მიდგომებში დაადანაშაულა მისი უშუალო უფროსი, გიორგი ოსაძე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. დარახველიძე რაზმაძეს იმავე დღეს გამოეხმაურა და თანამშრომლის განცხადებას “სრული ტყუილი და აბსურდი” უწოდა.

ამ ამბავზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა მალევე უწყებამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საქმე გამოსაძიებლად ისევ შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადააბარა.

რაზმაძის განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა, თუმცა ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენმა შსს-ს თანამშრომლის საქმეზე წარმოება შეწყვიტა. სახალხო დამცველმა თქვა, რომ შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” რაზმაძის მონათხრობი.

“ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება”

10 ნოემბერს “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერდა, რომ “გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება”.

“იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი”, — ამბობდა გოგა რაზმაძე.

მისივე სიტყვებით, გენერალური ინსპექციის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ:

“პრობლემაა იერარქიულ სისტემაში განსხვავებული და განსაკუთრებით, კრიტიკული აზრის დაფიქსირება. სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ჩემი გამბედაობა და სხვა თანამშრომლების დუმილი ჩემ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;

დეპარტამენტის თანამშრომლებს – ადამიანებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი და რომლებთან ერთად დავიწყე დეპარტამენტში მუშაობა, სასურველი ახსნა-განმარტებები მიაცემინეს (ყველას არც გაესაუბრნენ). დეპარტამენტში შექმნილი არაჯანსაღი გარემო კიდევ უფრო დაამძიმეს თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებითა და ასეთი მეთოდებით შეეცადნენ ,,დაეცვათ” ჩემგან შსს-ს რეპუტაცია;

როგორც დასკვნაში წერია, თურმე სამსახურში მქონია ყველანაირი კომფორტი (ავტომანქანა, ბენზინი, ხელფასი), მუშაობისთვის ყველა ბერკეტი, თუმცა მაინც უკმაყოფილო ვყოფილვარ ჩემი “კომფორტული“ მდგომარეობით;

თურმე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება და დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, შსს-ს მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად საპოლიციო დანაყოფებშია”.

გოგა რაზმაძის სიტყვებით, “არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის ყოფილა პრობლემა სამართლის პოვნა”, საჯარო მოხელისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება”.

“მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა”, — განმარტავდა ის.

რაზმაძის შეფასებით, გენერალური ინსპექციის დასკვნა მხოლოდ ერთ მიზანს სხვა თანამშრომლების დაშინებას ემსახურება:

“გენინსპექციამაც იცის, რომ აბსურდული დასკვნა დაწერეს, უბრალოდ ეს დასკვნა ემსახურება ერთ მიზანს, რომ თანამშრომლებს დაუქნიეს თითი, რათა ვინმეს რამე არ გაებედა. ამიტომ, სისტემისთვის მნიშვნელოვანი იყო საჯაროდ ჩემი დამცირება და სამაგალითოდ დასჯა. ამ პროცესს ვუყურებთ ჩვენ, სხვა არაფერს”, — ამბობს ის. ნეტგაზეთთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი