ახალი ამბები

სამსახურიდან გამათავისუფლეს — შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებდა

10 ნოემბერი, 2023
სამსახურიდან გამათავისუფლეს — შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებდა

შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებით, 10 ნოემბრის საღამოს უწყებიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს. რამდენიმე თვით ადრე რაზმაძე თავის ხელმძღვანელობას დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებდა.

“ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა. დღეს საღამოს მაცნობეს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შემიფარდეს დისციპლინური სახდელი და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემ მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად”, — წერს რაზმაძე.

გოგა რაზმაძის განცხადებაზე “ნეტგაზეთი” შსს-დან ელის პასუხს.

რა ხდებოდა მანამდე

გოგა რაზმაძემ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტში მუშაობისას მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საჯარო განცხადება 12 ივლისს გამოაქვეყნა.

მან რეპრესიულ მიდგომებში დაადანაშაულა მისი უშუალო უფროსი, გიორგი ოსაძე, სამინისტროს გენერალური ინსპექცია და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. დარახველიძე რაზმაძეს იმავე დღეს გამოეხმაურა და თანამშრომლის განცხადებას “სრული ტყუილი და აბსურდი” უწოდა.

ამ ამბავზე გამოძიება თავდაპირველად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. თუმცა მალევე უწყებამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ საქმე გამოსაძიებლად ისევ შსს-ს გენერალურ ინსპექციას გადააბარა.

რაზმაძის განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი სწავლობდა, თუმცა ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენმა შსს-ს თანამშრომლის საქმეზე წარმოება შეწყვიტა. სახალხო დამცველმა თქვა, რომ შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” რაზმაძის მონათხრობი.

“ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება”

10 ნოემბერს “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე დასძენს, რომ “გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება”.

“იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი”, — ამბობს გოგა რახმაძე.

მისივე სიტყვებით, გენერალური ინსპექციის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ:

“პრობლემაა იერარქიულ სისტემაში განსხვავებული და განსაკუთრებით, კრიტიკული აზრის დაფიქსირება. სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ჩემი გამბედაობა და სხვა თანამშრომლების დუმილი ჩემ წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;

დეპარტამენტის თანამშრომლებს – ადამიანებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი და რომლებთან ერთად დავიწყე დეპარტამენტში მუშაობა, სასურველი ახსნა-განმარტებები მიაცემინეს (ყველას არც გაესაუბრნენ). დეპარტამენტში შექმნილი არაჯანსაღი გარემო კიდევ უფრო დაამძიმეს თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებითა და ასეთი მეთოდებით შეეცადნენ ,,დაეცვათ” ჩემგან შსს-ს რეპუტაცია;

როგორც დასკვნაში წერია, თურმე სამსახურში მქონია ყველანაირი კომფორტი (ავტომანქანა, ბენზინი, ხელფასი), მუშაობისთვის ყველა ბერკეტი, თუმცა მაინც უკმაყოფილო ვყოფილვარ ჩემი “კომფორტული“ მდგომარეობით;

თურმე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება და დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, შსს-ს მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლიის პროცესში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად საპოლიციო დანაყოფებშია”.

გოგა რახმაძის სიტყვებით, “არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის ყოფილა პრობლემა სამართლის პოვნა”, საჯარო მოხელისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება”.

“მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა”, — ამატებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი