ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომელი ხელმძღვანელობას ღირსების შელახვასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

12 ივლისი, 2023 • 1728
შსს-ს თანამშრომელი ხელმძღვანელობას ღირსების შელახვასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა დისკრიმინაციულად ეპყრობა, რის გამოც სამართლებრივ დავას აპირებს. მისივე თქმით, შსს გეგმავს აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაციას, რათა არასასურველი თანამშრომლები სისტემიდან გაუშვას.

12 ივლისს, შუაღამისას გამოქვეყნებულ პოსტში გოგა რაზმაძე წერს, რომ საჯაროობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამინისტროში „ყველა ეტაპი გადავლახე და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე“.

როგორც რაზმაძე ამბობს, უკვე 12 წელია, შსს-ში მუშაობს, 2018 წელს კი, კონკურსის გავლის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა. ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია.

„დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება. დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო.

მე მქონდა რეაქცია ამ უკუსვლებზე და ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებებს დეპარტამენტის მოდგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთანაც. ამის გამო მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემ მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო — აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში (შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებში და ა.შ.), ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი, მეკეთებინა ჩემი საქმე იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება.

აღნიშნული მოვლენების ფონზე დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად – 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. დეპარტამენტში არსებული ვითარების მხედველობაში მიღებით, ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება“, — წერს რაზმაძე.

რაზმაძის თქმით, დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებსა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ საუბარი არაერთხელ სცადა მინისტრის მოადგილესთან, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დარახველიძესა და დეპარტამენტის მენეჯმენისთვის მეილი გაეგზავნა. ეს 16 ივნისს მოხდა.

„11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში. მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მან „საქმე გამირჩია“ იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო“, — ამბობს გოგა რაზმაძე.

როგორც შსს-ს თანამშრომელი განმარტავს, ფეისბუკ პოსტის ფორმატი არ აძლევს საშუალებას, მის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების შესახებ ვრცლად ისაუბროს, თუმცა ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისი ნებით სამსახურიდან არ მოდის.

„ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად.

საჯაროდ მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მზად ვარ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ჩემ მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, ასევე, უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ჩემ მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას – დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის
წევრების უსაფრთხოების ხელყოფა“, – წერს ის.

ნეტგაზეთმა საპასუხო კომენტარისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.


რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დროულ რეაგირებას და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას შემდეგ დანაშაულებზე:

  • დანაშაული ოჯახში;
  • ქალთა მიმართ ძალადობა;
  • დისკრიმინაციის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული;
  • ტრეფიკინგი;
  • არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული;
  • სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;
  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

შსს-სვე ცნობით, დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს, მოსამსახურეთა გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების წინადადებით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს-საქართველოს შინაგან სამინისტროს აკადემიას, ახორციელებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაციას, სამინისტროს უფლებამოსილ ქვედანაყოფს მიმართავს წინადადებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესწავლა-ანალიზს.

აღნიშნულ დეპარტამენტში არსებულ მოსალოდნელ პრობლემებზე რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე საჯაროდ  გამოაქვეყნა პოსტი ქალთა უფლებადმაცველმა ბაია პატარაიამ. როგორც ის წერდა, შეიტყო დეპარტამენტში დაწყებული აუდიტის შესახებ.

„აუდიტის შედეგად უნდათ, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს საერთოდ გაუუქმონ ზედამხედველობის ფუნქცია, გამოშიგნონ და დააქციონ მთელი დეპარტამენტი.
იცოდეთ, გიყურებთ და გაკვირდებით და ერთადერთ მუშა და ფუნქციურ დეპარტამენტს ნუ მოშლით და ნუ მოანაგავებთ! გაუფრთხილდით კვალიფიციურ კადრებს! ამ დეპარტამენტიდან კარგი ხალხი რომ გარბის, ეს უკვე ძალიან ცუდის ნიშანია. გაუფრთხილდით კარგ და ჭკვიან პოლიციელებს! სულ ნუ დააქცევთ წლობით ნაშენებ ფუნქციურ დეპარტამენტს!“ — წერდა ბაია პატარაია.

ის აღნიშნავდა, რომ მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღნიშნულ დეპარტამენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ სისტემაში გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი