ახალი ამბები

დოკუმენტური კინოს ასოციაციის თანამშრომელს ტრენინგზე დასწრებისთვის სუს-ში იბარებენ

18 ოქტომბერი, 2023 • 909
დოკუმენტური კინოს ასოციაციის თანამშრომელს ტრენინგზე დასწრებისთვის სუს-ში იბარებენ

დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) გუნდის თანამშრომელ მარიამ ჩუტკერაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ასოციაცია ავრცელებს.

DOCA-ს თქმით, 26-29 სექტემბერს მარიამ ჩუტკერაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში შედგა. ტრენინგზე დასწრება სახელოვნებო სივრცის წარმომადგენელთათვის იყო შესაძლებელი. 

ასოციაცია აღნიშნავს, რომ ტრენინგის დანიშნულება მონაწილეებს შორის კავშირის გაძლიერება იყო და ხელოვნების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მიღწევის გზებს განიხილავდნენ. დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ ტრენინგის ორგანიზატორები, ტრენერები, ახლა კი მონაწილეების რიგია.

დოკუმენტური კინოს ასოციაცია და ადამიანები, რომლებიც ვდგავართ მის უკან, მარიამ ჩუტკერაშვილის ჩათვლით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას და თითოეულ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებების არათუ ინტერესი არ გვაქვს, ჩვენი ღირებულებებით ვეწინააღმდეგებით ძალადობას. ამ პროცესს მივიჩნევთ აბსურდად, ხოლო ჩვენი კოლეგის ამ პროცესში ჩართვას – მავნებლობად და უსამართლობად. ჩვენი კოლეგისა და ტრენინგის სხვა მონაწილეთა სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას აღვიქვამთ, როგორც ზეწოლას კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე და ქმედებას თავისუფალი შემოქმედებითი გამოხატვის წინააღმდეგ”, – ნათქვამია DOCA-ს განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ “საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა”.

18 სექტემბრის განცხადებას მოჰყვა სუს-ის ბრიფინგი 2 ოქტომბერს, სადაც კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს და აღნიშნეს, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდულ ჯგუფებს “რევოლუციური სცენარისთვის” ამზადებენ.

მარიამ ჩუტკერაშვილი ერთადერთი არაა, ვისაც სახელოვნებო სივრცის წარმომადგენელთათვის ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებიდან დასაკითხად იბარებენ. დაბარებულ მონაწილეებს შორის არიან ჯგუფ “ბულიონის” წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე, ფოტოგრაფი ვახო ქარელი. ისინი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და პროცესს სამარცხვინოდ აფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი