საზოგადოება

USAID-ის მიმართ ბრალდებები მცდარია — სახელმწიფო დეპარტამენტი

4 ოქტომბერი, 2023 • 794
USAID-ის მიმართ ბრალდებები მცდარია — სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან USAID-ის მიმართ გახმიანებული ბრალდებები მცდარია.

3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას საქართველოში.

“ჩვენმა საელჩომ თბილისში ამასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთა და აქაც გავიმეორებ — ბრალდებები ჩვენი მხარდამჭერი პროექტის მიმართ მცდარია და აბსოლუტურად არასწორად განმარტავს ჩვენ მიერ საქართველოს მხარდაჭერის მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მიერ გაწეული დახმარება გამჭვირვალეა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისი ვალდებულებებით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”, – განაცხადა პატელმა.

მას კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებითაც, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.

პატელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 2 ოქტომბერს, უწყებაში სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

უფრო ადრე, სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ სუს-მა ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი