ახალი ამბები

„ფაქტობრივად, საბჭოთა პროცესი იყო“ — სასამართლოში გიორგი მელაძე გამოკითხეს

5 ოქტომბერი, 2023 • 1038
„ფაქტობრივად, საბჭოთა პროცესი იყო“ — სასამართლოში გიორგი მელაძე გამოკითხეს

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 ოქტომბერს გამოკითხეს. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ მელაძემ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განაცხადა, მისმა გამოკითხვამ საბჭოთა პროცესი მოაგონა.

მელაძის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოში ის საკითხები გახდეს განხილვის საგანი, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უსვამდნენ კითხვებს:

„შესაბამისად, მე ეს ჩავთვალე არა მხოლოდ პირად შეურაცხყოფად, არამედ ამას აღვიქვამ, როგორც საფრთხეს და პოლიტიკურ ზეწოლას. მთელი ეს პროცესია პოლიტიკური ზეწოლა, პოლიტიკური ფარსის ნაწილი და მე მგონია, რომ ვისაც მოუწევს ასეთ რამესთან შეხება, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, ბოლომდე მივყვეთ და ყველა სამართლებრივი გზით გავურთულოთ სახელმწიფოს საქმე“ ,— ამბობს მელაძე.

მისი თქმით, მისთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხულებს გაუთქმელობის ვალდებულებას აკისრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულს პროცედურების შესაბამისად გაასაჩივრებს:

„არ მესმის, რატომ ასაიდუმლოებენ იმას, რასაც მეკითხებოდნენ. მე, მაგალითად, ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ეს ყველაფერი. საიდუმლოების სიმძაფრეც და მნიშვნელობაც და რაც იქ ხდებოდა, ვერაფრით ვხვდები, რატომაა საიდუმლო. გაუთქმელობას გვთხოვენ, მე ხელი არ მოვაწერე და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს პროცედურის მიხედვით და მოვითხოვ, ამაზე ვიღაცამ იმსჯელოს კიდევ ერთხელ, რას ნიშნავს ამ ყველაფრის გასაიდუმლოება. იმიტომ, რომ თუ პროკურორმა გადაწყვიტა, რაღაც კადრები გამოეტანა, ადგეს და მაშინ ჩემი დაკითხვის ოქმიც გაასაჯაროოს“, — ამბობს მელაძე.

საქმე ეხება სუს-ის მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქალაქეებს „რევოლუციური სცენარისთვის“ ატრენინგებდნენ. სუს-ის მტკიცებით, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოკითხეს „კანვას საქართველოს“ კონსულტანტი და ტრენერი ნინო გოგიბერიძე.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი